"საქართველო ისევ გეოპოლიტიკური რყევების ეპიცენტრშია. ორი ზესახელმწიფო კუნთებს ჩვენს ტერიტორიაზე ათამაშებს" - კვირის პალიტრა

"საქართველო ისევ გეოპოლიტიკური რყევების ეპიცენტრშია. ორი ზესახელმწიფო კუნთებს ჩვენს ტერიტორიაზე ათამაშებს"

ცხრა წელი გავიდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომიდან. რუსეთის ბოლო წლების აგრესიული პოლიტიკის შემდეგ დასავლეთიდან ხშირად ისმის შეფასებები, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გალაშქრებას და ოკუპაციას საკადრისი პასუხი არ გასცა... ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სწორედ ამან წაახალისა კრემლის შემდგომი აგრესიული პოლიტიკა. დღეს საქართველოს მხარდაჭერით ზოგიერთი დასავლური პოლიტიკური ჯგუფი თითქოს 2008 წელს დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ცდილობს... გთვაზობთ ამონარიდებს გაზეთ „კვირის პალიტრის“ სტატიიდან:

მამუკა არშიძე:

- 2008 წლის მოვლენებიდან მოკლე ხანში დასავლეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები საკუთარი უსუსურობის დასაფარავად აპელირებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც იყო დამნაშავე, ამბობდნენ, ვაფრთხილებდით სააკაშვილს, მაგრამ არ დაგვიჯერა და გადადგა ეს ნაბიჯიო. საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში ომის დაწყებაში დამნაშავედ ცხადდებოდა როგორც საქართველო, ისე - რუსეთი... აქედან გამომდინარე, დასავლეთი დასჯერდა განცხადებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებულ დოკუმენტს და რეზოლუციებს, რომლებსაც მსოფლიო თუ ევროპული სტრუქტურები იღებდნენ.

დღეს დასავლეთში შეცდომად მიიჩნევენ იმჟამინდელ პოზიციას. უკვე ვნახეთ, რომ აშშ-ის კონგრესის მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ამ სანქციების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ჩაიწერა. კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა ტრამპმაც მოაწერა. ამერიკელები აშკარად ცდილობენ, ცხრა წლის წინ დაშვებული შეცდომა გამოასწორონ.

ეს კი ასეა, მაგრამ რომ არა უკრაინისა და სირიის მოვლენები, მეეჭვება, დასავლეთს საქართველოს გამო რუსეთისთვის ასეთი მკაცრი სანქციები დაეწესებინა. სამწუხაროდ, პატარა ქვეყნების ბედი ასეთია - დიდი ქვეყნები ხშირად იყენებენ მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად.

ახლაც საქართველო გეოპოლიტიკური რყევების ეპიცენტრშია. ორი ზესახელმწიფო კუნთებს სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ათამაშებს. ერთი შეხედვით, ასეთ პატარა ქვეყანაში ამგვარი თამაშები წარმოუდგენელია, მაგრამ - ფაქტია...

ორივე ქვეყნის სამხედრო ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე საწვრთნელ მანევრებს ატარებენ: რუსეთი - საქართველოს არაკონტროლირებად აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აშშ კი - ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე; პენსი ჩამოვიდა თბილისში, პუტინი ჩადის სოხუმში და ა.შ.

მეჩვენება, რომ ჩვენი საზოგადოება ამ კუთხით სათანადოდ ვერ აფასებს მოვლენებს.

- ფიქრობთ, რომ იქმნება ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს უფრო ამწვავებს?

- საქართველოსთვის ეს საფრთხეები მუდმივად არსებობს. ჩვენ ვცხოვრობთ ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის შექმნის პროცესში.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად