"გაცილებით მეტსაც მოველოდი" - რა ოდენობის თანხა მიიღო "ქართულმა ოცნებამ" 2017 წელს შემოწირულობის სახით? - კვირის პალიტრა

"გაცილებით მეტსაც მოველოდი" - რა ოდენობის თანხა მიიღო "ქართულმა ოცნებამ" 2017 წელს შემოწირულობის სახით?

2017 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოწირულობა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოწირულობის მიხედვით, მეორე ადგილზეა "ევროპული საქართველო", მესამე ადგილზე კი "გირჩი".

აღნიშნულ პერიოდში პარტიებმა შემდეგი ოდენობის შემოწირულოება მიიღეს: "ქართული ოცნება" – 1 278 770 ლარი, "ევროპული საქართველო" – 167 414 ლარი, "გირჩი" – 56 116, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" – 30 000, "ნაციონალური მოძრაობა" – 24 153, ედპ - 11 699, "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" – 6000, "საარჩევნო ფონდი - ალექსანდრე ელისაშვილი" – 3 120.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და შესაბამისად, ბევრი შემომწირველიც".

კითხვაზე, არის თუ არა "ქართული ოცნება" პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პარტიებთან შედარებით, რადგან მისი შემოწირულება გაცილებით სოლიდურია, კალაძემ აღნიშნა, რომ შემოწირულობები საარჩევნო პროცესის თანმდევი ნორმალური პროცესია.

"სავარაუდოდ, წინასწარ დაიწყო პარტიაში შემოწირულობების გაკეთება, რადგან ძალიან მალე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. ეს ნორმალური პროცესია და იგი სიახლეს არ წარმოადგენს. მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. "ქართულ ოცნებას" ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და სიმართლე გითხრათ, გაცილებით მეტსაც მოველოდი", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განმარტებით, როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატი, იგი საარჩევნო პროგრამის საკითხებით არის დაკავებული.

"მე ვარ მერობის კანდიდატი და დაკავებული ვარ პროგრამაზე მუშაობით, რომელსაც შევთავაზებთ თბილისს - თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც აწუხებს დღეს თბილისის მოსახლეობას, იყოს დროულად მოგვარებული", - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით