"ჩემთვის მთავარი იყო, რომ იმ დღეს ვიყავი მსოფლიო ჩემპიონი" - ზაზა ფაჩულიამ ქართველი გულშემატკივრებისთვის NBA-ის თასი წარადგინა - კვირის პალიტრა

"ჩემთვის მთავარი იყო, რომ იმ დღეს ვიყავი მსოფლიო ჩემპიონი" - ზაზა ფაჩულიამ ქართველი გულშემატკივრებისთვის NBA-ის თასი წარადგინა

სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება და ქართველი გულშემატკივრებისთვის NBA-ის თასის ოფიციალური წარდგენის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ. ღონისძიებაზე საკალათბურთო ილეთებით გაფორმებული შოუ გაიმართა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სპორტის სასახლეში ქართველი გულშემატკივრისთვის NBA-ის თასის ოფიციალური წარდგენის ცერემონია 2008 წლის აგვისტოს ომის მეომრების მოგონებით დაიწყო.

"ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ჩვენი მეომრები დავკარგეთ და ისინი მინდა მივიგონო. მე ნამდვილად ვერ ვიამაყებ ამ თასით ისე, როგორც მე ვამაყობ მათით. ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ და ძალიან ბევრი მეომარი დავკარგეთ, ვინც ჩვენს ქვეყანს იცავდა",- აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

მსოფლიო ჩემპიონის განცხადებით, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქართველების გვერდში დგომა.

"დაუღალავი შრომის შემდეგ, ბევრი კრიტიკის შემდეგ, 12 ივლისს, როდესაც გავხდით ჩემპიონები და მივიღე ეს თასი, ყველაფერი დამავიწყდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ჩემთვის მთავარი იყო, რომ იმ დღეს ვიყავი მსოფლიო ჩემპიონი. ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის საქართველოსი, თქვენი გულშემატკივრობის და მხარდაჭერის გარეშე არაფერი მოხდებოდა", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

"მინდა, ყველას სახელით გადაგიხადო უდიდესი მადლობა ამ ძალიან დიდი სიხარულისთვის, რომელიც შენ ყველას მოგვანიჭე", - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზაზა ფაჩულიას.

"მინდა, კიდევ უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, როდესაც შენს ყველა წარმატებას უძღვნი სამშობლოს, საქართველოს. შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა, განსაკუთრებით, ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დარბაზში არიან. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა უდიდესი შრომა, მიზანსწრაფვა და ჩვენს მიერ გატეხილი არაერთი ღამე შენი წარმატების მოლოდინში. ყველას გვახსოვს 129:120-ის თამაში, რომლის შემდეგ ქართული დროშა აფრიალდა Golden State Warriors -ის თავზე",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის თქმით, ზაზა ფაჩულია ქართველ ხალხს აძლევს იმედს, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც სურთ, თუკი იმუშავებენ.

"მინდა მოგილოცო ჩემპიონო, გილოცავ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ეს უმშვენიერესი თასი ჩამოიტანეთ. თქვენ ქართველ ხალხს აძლევთ იმედს, რომ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც სურთ, თუკი იმუშავებენ, და გახდნენ წარმატებულები. მადლობა იმისთვის, რომ აკეთებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მადლობა იმისთვის, რომ ხარ ზაზა. საქართველო და ამერიკა ამაყია შენით", - განაცხადა იან კელიმ სპორტის სასახლეში გამოსვლის დროს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით