"რუსეთი თუ ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია!" - ვინც ამ ფრაზას გეტყვით, ის შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსეთის სამსახურში დგას!" - კვირის პალიტრა

"რუსეთი თუ ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია!" - ვინც ამ ფრაზას გეტყვით, ის შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსეთის სამსახურში დგას!"

რუსეთ - საქართველოს 2008 წლის ომიდან 9 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღს სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ისტორიკოსი ბუბა კუდავა, რომლის "ფეისბუკსტატუსსაც" უცვლელად გთავაზობთ:

"რუსეთი თუ ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია!" - ძალიან ადვილი გასაშიფრი ტესტი. ვისთვის ადვილი, ვისთვის რთული, ამიტომ მცირე კომენტარს გავაკეთებ.

ვისგანაც ამ ფრაზას გაიგებთ ის ან:

- სრულიად შეგნებულად, ნებაყოფლობით, ფინანსური თუ სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით, ემსახურება ჩვენს მტერს.

- ფსევდოპატრიოტული გრძნობებით ატაცებული, სრულიად გაუცნობიერებლად, ემსახურება ჩვენი მტრის ინტერესებს.

"რა, არ არის თურქეთი ოკუპანტი?"

ამ ხალხს - ძირითადი ვექტორის "ოსტატურად" შებრუნების მსურველებს შევახსენებ, რომ მსოფლიოში არ არსებობს არცერთი (დიახ, არცერთი!) ქვეყანა, რომელსაც უწინდელი ტერიტორიები არ ჰქონდეს დაკარგული. იგულისხმება მიწები, რომლებიც ადრე მათი ქვეყნის / ხალხის საკუთრება იყო, ახლა კი მეზობელი თუ სხვა ქვეყნების საზღვრებშია მოქცეული.

"ისტორიული სამართლიანობა" კი არ გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული კატეგორია, ვინაიდან ის ყველას სათავისოდ თუ თავისებურად ესმის.

დღეს, რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპირების პირობებში, ამ ფრაზის ტრიალი ისეთივე აბსურდია, როგორიც იქნებოდა:

- "სომხეთიც ოკუპანტია!" (ქვემო ქართლის ნაწილი - ლორე-ტაშირის მხარე სწორედ მათ ეკუთვნით დღეს).

- "აზერბაიჯანიც ოკუპანტია!" (ისტორიული ჰერეთის ნაწილი მათ საზღვრებშია).

ასე, ყველა დიდი სახელმწიფო "ოკუპანტია", ვინაიდან მათი სახელმწიფო სხვადასხვა ქვეყნებისა და ხალხების მემკვიდრეობაზე დგას. თუ ოდნავ გადავქექავთ ისტორიას, აღმოჩნდება, რომ საშუალო ქვეყნებშიც იგივე ხდება და თუ კიდევ უფრო ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ, რომ მცირე სახელმწიფოებიც ასეა და ჰაიდა, ვიაროთ აბა ამ უღრან ტყეში, საიდანაც ვერასოდეს გამოვაღწევთ!

ე, ეს არ უნდა რუსეთსაც?

რომაელები და ბიზანტიელები, მონღოლები და ყიზილბაშები, ოსმალები და ლეკები კი არა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მივხედოთ, მეგობრებო.

ალბათ ოდნავ დამეჯერება, რომ არავისზე ნაკლებად მიყვარს ტაო-კლარჯეთი, მაგრამ სულ გახსოვდეთ, "რუსეთი თუ ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია!" - ვინც დღეს ამ ფრაზას გეტყვით, ის შეგნებულად (!) თუ შეუგნებლად რუსეთის სამსახურში დგას!

ამ დღეებში გამძაფრდება ეს შემოტევა და ამან გამახსენა.

ხო, ამ გახსენებაზე:

ურარტუც ოკუპანტია! (წყარო)