"უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს" - პოლონეთიდან ლიტვაში? - კვირის პალიტრა

"უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს" - პოლონეთიდან ლიტვაში?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტის" კორესპონდენტი იუწყება.

ჟურნალისტების კითხვას, მიიღებს თუ არა ის ლიტვის მოქალაქეობას, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს.

"მე უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს. ბევრი უკრაინელი გაბრაზებულია ამ ფაქტით და იმედგაცრუებულად იგრძნობენ თავს, თუ მე არ ვიბრძოლებ", - დასძინა სააკაშვილმა.

"ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე კი, სააკაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი გააკრიტიკა.

"უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კლიმკინი იმის ნაცვლად, რომ საქმით დაკავდეს, მთელი დღეების განმავლობაში ყველა იმ ქვეყანაში რეკავს პრეტენზიებით, სადაც მე ჩავდიოდი ან ჩასვლას ვაპირებ", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, "პავლო კლიმკინი ეთნიკური უკრაინელი არ არის, არამედ რუსია".

"რამდენადაც მესმის, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს და უკრაინულად ჩემზე უარესად საუბრობს. პეტრო პოროშენკო, აი თქვენთვის კიდევ ერთი კანდიდატი მოქალაქეობის ჩამოსართმევად", - მიმართა სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს.

იხილეთ ასევე: "ევროპაში ვიმოგზაურებ..." - რა გეგმები აქვს მოქალაქეობაჩამორთმეულ სააკაშვილს?

"ინტერპრესნიუსი"