ლონდონის სასამართლომ "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის აქტივების გაყინვის ბრძანება გამოსცა? - კვირის პალიტრა

ლონდონის სასამართლომ "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის აქტივების გაყინვის ბრძანება გამოსცა?

ლონდონის სააპელაციო სასამართლომ "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის, გელა მიქაძის 42.5 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვის ბრძანება გამოსცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "რაკიადან" აცნობეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა "პატრიოტთა ალიანსიდან" და საქართველოში "რას ალ ხაიმას" კომპანიის ყოფილმა დირექტორმა გელა მიქაძემ დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში საქმე წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში მიქაძის მფლობელობაში არსებული 42 561,555 აშშ დოლარის ღირებულების აქტივები გაიყინება.

"ვერდიქტი მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც იგი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს როგორც საქართველოში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. საქართველოს სასამართლომ მას თაღლითობით მითვისებული 951 ჰა მიწის დაბრუნება მოსთხოვა. ეს კი, ლონდონის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ნიშნავს, რომ მიქაძეს ამჟამად ეკისრება როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ლონდონის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, ჰქონდა თუ არა მიქაძეს აქტივები რომელიმე მასთან დაკავშირებულ შპს-ში, რომელთა გაყინვა შესაძლებელი იქნებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ "ამასწინათ განხორციელებული მნიშვნელოვანი ტრანზაქციების" საფუძველზე, "რომლებიც ახსნა-განმარტებას საჭიროებს", მიქაძის მფლობელობაში არსებულთაგან სამ შპს-ში აქტივების გაყინვა შესაძლებელი იყო. აქტივების გაყინვის შესახებ ბრძანების გარდა, ლონდონში მიმდინარე პროცესზე მიქაძის დაბეჯითებული უარყოფის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაძემ საქართველოში "რაკიას" მიმართ თაღლითობა ჩაიდინა. სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ მიქაძე დიდ ბრიტანეთში ფლობდა, ან აკონტროლებდა შპს-ებს და განაჩენში იგი ამ ყალბი კომპანიების "მარიონეტ მფლობელად" მოიხსენია. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე ნება დართო "რაკიას", მოითხოვოს დიდ ბრიტანეთში მიქაძის სამ შპს-ში აქტივების განმკარგველის დანიშვნის ბრძანების გამოცემა. რას ალ ხაიმას სახელმწიფო კომპანიები ამჟამად შეძლებენ, შეისწავლონ ბ-ნი მიქაძის სახელზე ლატვიაში გახსნილი საბანკო ანგარიშები, რომლებზედ სავარაუდოდ, მისი თაღლითურად მოპოვებული თანხების დიდი ნაწილია განთავსებული და რომლებიდანაც ისინი მესამე მხარეებს ერიცხებოდათ. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ბ-ნ მიქაძეს ლატვიის დედაქალაქ რიგაში არსებულ ABLV ბანკში არა ერთი ანგარიში ჰქონდა გახსნილი. ის ფაქტი, რომ ლატვია ევროკავშირის წევრია, სავარაუდოდ, მიქაძის აქტივების მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურას გაამარტივებს", - ნათქვამია "რაკიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"რაკია", ჩემი კლიენტი ძალიან კმაყოფილია ამ შედეგით, ვინაიდან ეს უზრუნველყოფს სასამართლო მხარდაჭერას რას ალ ხაიმას მთავრობისადმი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მოიპოვოს ინფორმაცია მიქაძისა და მისი პარტნიორების მიერ აქტივების მითვისების შესახებ "გიორგი ჯანაშიას და ხატერ მასაადის" საქმის ფარგლებში. თავიდანვე ვიცოდით, რომ მიქაძის სამართალში მიცემა რთული იქნებოდა, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეში მასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი შპს-ების გამო. "რაკია" კვლავაც გააგრძელებს მიქაძის, ჯანაშიასა და მასაადის სამართლებრივ დევნას დიდი ბრიტანეთის, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოებში და იგი არ გაჩერდება. ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ლატვიის ხელისუფლებასთან, რათა დავადგინოთ, განათავსა თუ არა მიქაძემ მითვისებული სახსრები რიგის ბანკის ანგარიშებზე", - განაცხადა იურიდიული ფირმის შპს Stewarts Law-ის პარტნიორმა დევიდ ჰიუზმა.

თავად გელა მიქაძის ინფორმაციით, ინგლისის სასამართლოში პროცესი მან მოიგო და "რაკიას" ჯარიმა დაეკისრა.

"ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რაკიას" დაესკირა ჯარიმა 600 ათასი ფუნტი და სასამართლო მოგებული მაქვს მე. რაში სჭირდებოდათ ამ ტყუილის გავრცელება, მე არ ვიცი. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. მე შემიძლია განაჩენი მოგაწოდოთ", - განაცხადა მიქაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით