"შეიძლება ხელისუფლებაში ვიღაცას გაუჩნდეს ეჭვი, ხომ არ მუშაობს გიორგი მღებრიშვილი მიხეილ სააკაშვილზე" - კვირის პალიტრა

"შეიძლება ხელისუფლებაში ვიღაცას გაუჩნდეს ეჭვი, ხომ არ მუშაობს გიორგი მღებრიშვილი მიხეილ სააკაშვილზე"

"სააკაშვილი საქართველოს ციხეში ხელისუფლებისთვის არის თავის ტკივილი"

"გამოდის, ქვეყანაში ოპერაცია "ჭრელო პეპელა" მიმდინარეობს და ეს არის სახელმწიფოს მართვა?"

13 აგვისტოს Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერი" "ლექსუსი" თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

გავრცელებულ ჩანაწერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მას პრობლემა არ აქვს არც გამოძიების დაწყებასთან და არც ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხმის ავთენტურობას დაადგენს: "ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები. მე გეტყვით, რომ "ფე-ეს-ბე"-ს აგენტები და "ნაციონალური მოძრაობის წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის ჩვენს შესასუსტებლად აგორებული ანტი პიარი".

ალექსეი სტოლიაროვმა ("ლექსუსი") კი განაცხადა, რომ რუსი "პრანკერები" მზად არიან, საქართველოს შს მინისტრთან საუბრის დასამტკიცებლად ჩანაწერი "ნებისმიერ ექსპერტიზას" გადასცენ.

"ეს პირველი ადამიანი არ არის, ვინც ცდილობს ჩვენთან საუბარი უარყოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, იქნებოდა ეს ერდოღანი თუ ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენ ყოველთვის ვაძლევდით ამ ჩანაწერებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის სააგენტოს. ფაქტი ყოველთვის დასტურდებოდა. ჩვენ გვაქვს მინისტრის პირადი მობილურის ნომერი, თუ საჭირო გახდა, წარმოვადგენთ. ვფიქრობ, მისმა გარემოცვამ ეს ნომერი იცის..

შს მინისტრი ძალოვანია, მას შიდა ინსტრუქციით ეკრძალება ასეთი საჩოთირო თემების განხილვა ღია სატელეფონო ხაზებით. ამით, რა თქმა უნდა, მის რეპუტაციას გარკვეულწილად ჩრდილი ადგება. მან ხომ ჩვენ გაგვიმხილა საიდუმლო შეთანხმება საქართველოს პრემიერსა და პოროშენკოს შორის", - განაცხადა სტოლიაროვმა.

ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული მომხდარი რუსეთის სპეცსამსახურების კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყოს, რაც ქვეყნის შიგნით არეულობასა და მთავრობის დასუსტებას ემსახურება. ამიტომაც ქართველი ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს რა და როგორ მოხდა და დაადგინოს ჩანაწერი ავთენტურია თუ არა.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ამგვარი სკანდალის სათავე მიხეილ სააკაშვილი და მისი გეგმები იყოს. ის უკვე ამ ჩანაწერზე დაყრდნობით ცდილობს დაამტკიცოს, რომ პოლიტიკური დევნილია.

გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. მომხდარი უპასუხოდ არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დატოვეს.

გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი:

"ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ვებსაშუალებით, მათ შორის უკრაინული "ვიკილიქსიდან" განხორციელებული არაერთი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას. ცხადია, არასდროს, არც მაშინ და არც ახლა, მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე არ მოგვიხდენია და არც ახლა მოვახდენთ რეაგირებას".

ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:

"ასეთი შოუს და იუმორისტული სკეტჩის ეპიზოდებით შეიძლება დაკავდეს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ეს არ არის თემა, რომლის სერიოზული პოლიტიკური განხილვა შეიძლება მოხდეს. ეს არის ჩემი კომენტარი. მე ამას არანაირ სერიოზულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და ბუნებრივია, არც მის ავთენტურობაზე არ და ვერც ვისაუბრებ".

როგორც kvirispalitra.ge-სთან ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, ხელისუფლებას მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ჩანაწერი ავთენტური არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს სერიოზული ზიანი მიადგება.

"ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც მჯერა, არ მჯერათი უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ, რომ საქმე უკვე სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება. სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს ამის არც პოლიტიკურ და არც პროვოკაციულ ჭრილში განხილვა. მთავარი გახლავთ ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული კითხვები ჩნდება - თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, ამ შემთხვევაში საქმე ორი ტიპის დანაშაულთან გვაქვს, ერთია დაუცველი არხებით სახელმწიფო საიდუმლოების გათქმა, რაც ჩემი აზრით, მძიმე დანაშაულია, მხედველობაში მაქვს პრემიერის და უკრაინის პრეზიდენტის საუბრის შინაარსის ღია არხებით განხილვა.

მეორე ტიპის დანაშაული კი არის, არაუფლებამოსილი პირის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, საგამოძიებო და სასამართლო გადაწყვეტილებების საბოტირება. არაუფლებამოსილი პირი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ, რომ სააკაშვილზე ძებნას და მისდამი სამართლებრივ პროცესს აწარმოებს პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო. ჩნება კითხვა, რა უფლებამოსილება ჰქონდა მღებრიშვილს ვინმესთან, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ესაუბრა ამ თემაზე და ხომ არ ახდენდა ის საბოტირებას? შეიძლება ხელისუფლებაში ვიღაცას გაუჩნდეს ეჭვი, ხომ არ მუშაობს გიორგი მღებრიშვილი მიხეილ სააკაშვილზე?

თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, გამოდის ჩვენთან მმართველობითი სისტემა იმდენად მორღვეული და დაუცველია, რომ უცხო ქვეყნებს აგენტურა აღარ სჭირდება, რადგან შესაძლებელია უკვე მინისტრს დაურეკო ტელეფონით და ყველაფერს დაფქვავს რაც იცის და არ იცის.

თუ შესაძლებელია, მინისტრს დაურეკო და მთელ საიდუმლოს ტელეფონზე მოგიყვეს, რაღად გინდა აგენტურა?  ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს საუბარი არ შემდგარა, თუ ვერ დაამტკიცა, ეს ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სირაქლემას პოზაში დგომას და რაღაც იუმორსა და სისულელეებზე ლაპარაკს, ჯობია ამ ყველაფერს სერიოზულად მიხედოს.

პოლიტიკურად გავიზიარებ იმ მიდგომას, რომ სააკაშვილი საქართველოს ციხეში ხელისუფლებისთვის არის თავის ტკივილი. მაგრამ ერთია პოლიტიკური ჭრილი და მეორე სამართლებრივი. სამართლებრივ ჭრილში ხელისუფლება პროპაგანდისტულად აწარმოებს საქმეებს და თუ კულისებში ამის საწინააღმდეგო გზავნილებს ისვრის, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება ატარებს სპეცოპერაცია "ჭრელო პეპელას"? ანუ სააკაშვილო, ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები? გამოდის, ქვეყანაში ოპერაცია "ჭრელო პეპელა" მიმდინარეობს და ეს არის სახელმწიფოს მართვა?"

იხილეთ ასევე: "ბომჟი" სააკაშვილი და საქართველოს მთავრობა ვაშლის სკანდალიდან სატელეფონო "ხულიგნების" სკანდალამდე

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)