სააკაშვილის ადვოკატმა გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა - კვირის პალიტრა

სააკაშვილის ადვოკატმა გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები Страна.ua-ს მიერ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, გავრცელებული ჩანაწერი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. შესაბამისი მოთხოვნით ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა.

"ამ ჩანაწერიდან ჩანს, რომ სახელმწიფოს მიზანია არა სისხლის სამართლებრივი პროცედურების წარმოება და მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ მიხეილ სააკაშვილის დევნა. ასევე იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ. ამ ჩანაწერით ასევე იკვეთება პირის, განზრახ უკანონო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და ასევე უკანონო თვალთვალის საკითხები, როდესაც იმ ჩანაწერში გიორგი მღებრიშვილი საუბრობს - ჩვენ ვიცით ყველაფერი, პოლონეთში ვის შეხვდა, სად იყო და ა.შ", - განაცხადა ბასილაიამ.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინულ "ვიკილიქსზე" გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება ერთი წლის წინ ინტენსიურად მიმდინარეობდა, საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ეს საქმეც გამოიძიონ.

"როდესაც სამართალდამცავი სისტემა თვითონ არის ჩართული ამ დანაშაულის ჩადენაში, მათ რომ გამოძიება დაიწყონ, ამის დიდი მოლოდინი არ მაქვს, თუმცა სხვა გზაც არ აქვთ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ გვახსოვს, შარშან როგორი ისტერიით აწარმოებდნენ გამოძიებას უკრაინულ "ვიკილიქსზე" გამოქვეყნებულ სისულელეებზე. იმ შემთხვევაში კომუნიკაციის არც ერთი მხარე არ ადასტურებდა იმ ჩანაწერების ნამდვილობას, ახლა კი კომუნიკაციის ერთი მხარე ამბობს, რომ ჩანაწერი რეალურია", - განაცხადა ბასილაიამ.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები გავრცელებული ჩანაწერისთვის ექსპერტიზის ჩატარებას, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ ისინი ეცდებიან ეს პროცედურა დამოუკიდებლად ჩაატარონ.

"არ მივცემთ ხელისუფლებას იმის კომფორტს, მიჩქმალონ ეს ყველაფერი", - აღნიშნა სააკაშვილის ადვოკატმა.

იხილეთ ასევე: "ბომჟი" სააკაშვილი და საქართველოს მთავრობა ვაშლის სკანდალიდან სატელეფონო "ხულიგნების" სკანდალამდე

"ინტერპრესნიუსი"