ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ აფეთქებაზე, რამაც ხანძარი გამოიწვია - კვირის პალიტრა

ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ აფეთქებაზე, რამაც ხანძარი გამოიწვია

ცოტა ხნის წინ, ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაზის საამქრო აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "მედინას" მთავარმა ექიმმა ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.

"პაციენტი ძალიან მძიმედ არის, იმიტომ, რომ სხეულის ძალიან დიდი ნაწილი დამწვარი აქვს. მეორე ხარისხის დამწვრობაა, 90 პროცენტია დამწვარი. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე", - განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.

ასევე მძიმეა კიდევ ერთი პირის მდგომარეობა, რომელიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაჰყავთ. რაც შეეხება მესამე პირს, ის შედარებით მსუბუქი დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა კლინიკიდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მომხდარი ხანძარი ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხობს ელექტრო ან თბოლენერგიის - გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და სერიოზულად დაზიანდა.

ადგილობრივების განცხადებით, ადგილზე მდებარე გაზის საამქროს გაუქმება არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. საამქროს აფეთქების შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. კერძოდ, მათი თხოვნაა, მოხდეს ზარალის დროული შესწავლა, იქამდე კი ბათუმის მერიამ ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოს.

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მოსახლეობას საკითხის შესწავლას და დახმარებას დაპირდნენ.

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი არ გამორიცხავს, რომ მომხდარზე კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. როგორც ერმაკოვმა განაცხადა, აღნიშნულ საამქროს მუშაობის უფლებაზე მერიისგან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით