რატომ დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ახალგორში?! - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ახალგორში?!

ახალგორში, სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი დააკავეს, რის თაობაზეც ინფორმაციას რადიო "თავისუფლებამ" გაავრცელა.

დაკავების მომენტში მან შეძლო დაკავშირებოდა რადიო "თავისუფლების" სამსახურის, "ეხო კავკაზას" კორესპონდენტს. "როგორც ირკვევა, ის გააჩერა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პროკურატურის გამომძიებელმა, ალან ბიაზროვმა, რომელსაც არც გაჩერების მიზეზი უთქვამს და არც რაიმე საბუთი წარუდგენია. ბიაზროვმა მეარაყიშვილს უთხრა, რომ ორდერი და დაკავების მიზეზები მას წარედგინება რაიონული პროკურატურის ოფისში მიყვანის შემდეგ", - ვკითხულობთ რადიო "თავისუფლების" ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით კი, მეარაყიშვილს ადვოკატი არ ჰყავს. დაკავებულის ოჯახისთვის მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია. მეარაყიშვილის ახლობლები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ სამოქალაქო აქტივისტი ცოტა ხნის წინ სპარტაკ დრიაევის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. დრიაევი დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრია და ახლახან სატყეო სამმართველოს უფროსის პოსტზე დაინიშნა. სპარტაკ დრიაევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ქართული მხარის მიერ მძიმე ბრალდებით იყო დაკავებული და სასჯელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა, მოგვიანებით კი, 2011 წლის 21 თებერვალს, თბილისსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 7-7 პატიმრის გათავისუფლების დროს ცხინვალს გადასცეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოკუპირებულ დაბაში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და არცთუ იშვიათად, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები კრიტიკულია.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. სახალხო დამცველი თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2017 წლის 16 აგვისტოს მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს ადგილობრივი მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით და ახალგორის მკვიდრთა უფლებების დასაცავად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებით. ამის გამო იგი ბოლო წლებში განიცდიდა ზეწოლას დე ფაქტო ხელისუფლებისაგან, რაც ამა წლის ივლისის თვეში მისი ცხინვალში იძულებით გატაცებით დასრულდა.

იხილეთ: ახალგორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია, თუმცა დაკითხვაზე ისევ დაიბარეს