მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - კვირის პალიტრა

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, უწყებამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალევე დააკავა.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, ნაცნობს - 1973 წელს დაბადებულ ი.ძ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით)“, - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ასევე: "სავარაუდოდ, მკვლელი კახას უთვალთვალებდა, მოტოციკლი საპირისპიროდ გააჩერა და ერთი გასროლით მოკლა"