"ამ დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რაც შეიძლება სწრაფად ჩავაქროთ ცეცხლი... ემოციები მერე იჩენს თავს" - კვირის პალიტრა

"ამ დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რაც შეიძლება სწრაფად ჩავაქროთ ცეცხლი... ემოციები მერე იჩენს თავს"

2017 წლის ზაფხული განსაკუთრებულად გახშირებული ხანძრებით შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ წუთასაც ბორჯომის ხეობაში მეხანძრე-მაშველები სტიქიას თავგანწირვით ებრძვიან. ვითარება საკამაოდ მძიმეა. თბილისშიც არაერთი ხანძრის მოწმენი გავხდით.

8 აგვისტოს, საღამოს 10 საათისთვის, თბილისი პანიკამ მოიცვა - მთაწმინდის ფერდობზე, ვერის სასაფლაოს მიმდებარედ გაჩნდა ხანძარი, რომელიც მთაწმინდის პარკსა და დასახლებულ ტერიტორიას დაემუქრა - ქარისა და რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა გაჭირდა, წამოიჭრა ბელინსკის ქუჩის მცხოვრებთა ევაკუაციის საკითხიც, თუმცა მეხანძრეებმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ადამიანების დაცვაც შეძლეს და ხანძარიც დროულად ჩააქრეს.

მეხანძრე გიორგი ჟიჟიაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთან“ ინტერვიუში გაიხსენა თუ როგორ აღმოჩნდა ცეცხლის შეუაგულში:

- სამსახურში ობიექტიდან ძალიან დაღლილი დავბრუნდი და დასვენებას ვაპირებდი, როდესაც შეტყობინება მივიღეთ, რომ მთაწმინდის ფერდობზე გაჩნდა ხანძარი და ჩვენი დახმარება სჭირდებოდათ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავედით. მოსახლეობა პანიკაში იყო, ეშინოდათ, ცეცხლს მათ სახლებამდე არ მიეღწია. შეძლებისდაგვარად დავამშვიდეთ და ვთხოვეთ, მუშაობისას ხელი არ შეეშალათ. იქვე შევიმუშავეთ სტრატეგია და ცეცხლის ქრობა დავიწყეთ.

სამუშაო ჯგუფში პირველ ნომრად გამწესების შემდეგ ხანძრის კერას მივუახლოვდი. ყველა ღონე უნდა გვეხმარა და ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე არ მიგვეშვა. ძალას ისიც მმატებდა, რომ გვერდით პროფესიონალი მეხანძრე-მაშველები მყავდა. ასეთ დროს გუნდური მუშაობა უმნიშვნელოვანესია. ხანძრის კერის იმ ნაწილში, სადაც ჩვენი ჯგუფი განთავსდა, ცეცხლი ეკიდა ადვილად აალებად წიწვოვან მცენარეებს, ამიტომ მოსახლეობა სწრაფად გავიყვანეთ. ასეთ დროს შესაძლებელია, ადვილად დაშავდეს ის, ვისაც ხანძრის ჩაქრობის გამოცდილება და შესაბამისი ეკიპირება არა აქვს.

რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 70-მა მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ლოკალიზება სწრაფად შეძლო.

- რას გრძნობთ მეხანძრეები მაშინ, როდესაც სტიქიასთან ბრძოლა გიწევთ, ან რამდენად მოქმედებს მოსახლეობის და ხშირად - არაპროფესიონალების კრიტიკა, რომლებიც თქვენი მუშაობით უკმაყოფილონი არიან?

- ამ დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რაც შეიძლება სწრაფად ჩავაქროთ ცეცხლი და მასშტაბის ზრდას ხელი შევუშალოთ. როდესაც ყველაფერი მთავრდება, ემოციები მერე იჩენს თავს. ახლაც ასე მოხდა. დანაკარგი მაწუხებდა - მენანება ის მწვანე საფარი, რომელიც ცეცხლმა შეიწირა, მაგრამ კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ხანძარს გავრცელების საშუალება არ მივეცით, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ქარი ქროდა და ხელს გვიშლიდა. ერთხანს უკან მოვიხედე და უამრავი შეშინებული ადამიანი დავინახე. იმედი და ნდობა იგრძნობოდა მათ მზერაში. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო და სტიმულია. (იხილეთ სრულად)