ბორჯომის ხეობაში ხანძარი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება? - კვირის პალიტრა

ბორჯომის ხეობაში ხანძარი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება?

გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები არ ადასტურებენ, თუმცა ხანძრის ახალი კერის გავრცელების შესახებ ცნობას ჟურნალისტები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ავრცელებს.

მათივე მტკიცებით, ძლიერდება დაკვამლიანება და კვამლის სუნი.

"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად ბორჯომის გამგებელსა და სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ ვერაფერს იტყვიან, რადგან შესაბამისი ინფორმაცია არ აქვთ.

ცოტა ხნის წინ, ბორჯომში გახსნილ საგანგებო შტაბთან სოფელ დაბას მცხოვრებლების ნაწილი მივიდა. მათი ინფორმაციით, "ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს ჩამოვიდა".

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელთან არავინ იმყოფება, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს და უზრუნველყოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სახლებს ცეცხლი არ გადაედოს.

მოსახლეობის აღნიშნული ნაწილის მიერ უკმაყოფილების გამოხატვის შემდეგ დასახლებული პუნქტისკენ სახანძრო მანქანა დაიძრა.

ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით