ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს - ბორჯომის რაიონის სოფლებს დამსვენებლების ნაწილი ტოვებს - კვირის პალიტრა

ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს - ბორჯომის რაიონის სოფლებს დამსვენებლების ნაწილი ტოვებს

ბორჯომის რაიონის სოფლებს, რომლებიც სტიქიის ზონასთან ახლოსაა, დამსვენებლების ნაწილი ტოვებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, ოჯახთან ერთად ცემში იმყოფებოდა, თუმცა ხანძრის მასშტაბის კიდევ უფრო გაზრდის გამო, სოფლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე ინფორმაციით, ანალოგიურად მოიქცა სოფელ ცემში მყოფი რამდენიმე ოჯახი, ნაწილი კი "სიტუაციას ჯერ კიდევ აკვირდება".

"სოფლებს უფრო დამსვენებლები ტოვებენ. ადგილობრივები ჯერჯერობით აქ არიან. სოფელ ცემში ოჯახთან ერთად ვიმყოფებოდი და ცოტა ხნის წინ წამოვედით, რადგან დიდი კვამლია, ფერფლი ცვივა და გარშემო ყველაფერი თეთრია. სუნი მძაფრად არ იგრძნობა, მაგრამ სუნთქვა აშკარად გაიშვიათებულია. თან ცოტა ხნის წინ ცეცხლი ახალ ფერდობებზე გავრცელდა", - განაცხადა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.

მისივე განმარტებით, ანალოგიური სიტუაციაა სოფლებში: ტბა და სადგერი.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოფელ დაბასთან ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე დაახლოებით 100 მეტრშია. მისი ინფორმაციით, სოფელ დაბას 2 ფერდობი აქვს გარშემორტყმული, საიდანაც ერთ ფერდობზე ხანძარია, მეორეზე კი ძლიერი დაკვამლიანება.

ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს. ისინი საცხოვრებელი სახლების დასატოვებლად ემზადებიან.

ამ დროისთვის უშუალოდ სოფლის ტერიტორიაზე ერთი სახანძრო ბრიგადა იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"