"უყურებ გადამწვარ ხეებს, გარედან ცეცხლი თითქოს ჩამქვრალია, მაგრამ თურმე შიგნით ისევ ღვივის, ფესვებიც ნაკვერჩხლად აქვს ქცეული..." - კვირის პალიტრა

"უყურებ გადამწვარ ხეებს, გარედან ცეცხლი თითქოს ჩამქვრალია, მაგრამ თურმე შიგნით ისევ ღვივის, ფესვებიც ნაკვერჩხლად აქვს ქცეული..."

"ყვიბისის მთაზე ვარ, აქაურობა ხანძრისაგან მთვარის ზედაპირივით არის განაცრისფერებული... მასშტაბური ცეცხლი არ ჩანს, მაგრამ ხანძრის კერა ხან სად იჩენს თავს და ხან სად... მეხანძრეებიც ქარისგან გაღვიძებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ...

ადგილობრივი ყვიბისელები, დიდ-პატარა ცდილობს მათ დახმარებას. ბავშვებსაც კი მოაქვთ წყალი მეხანძრეებისთვის, გზა მთისკენ ძალიან რთულია,  სახანძრო მანქანებს ძალიან უჭირთ მოძრაობა. ვცდილობ მეც დავეხმარო, რითიც შემიძლია. ამ ადგილას ცეცხლი ახლა ჩამქრალია, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ნახანძრალია და ქარი ისევ და ისევ აღვივებს ცეცხლის კერებს. მეხანძრეები დღე-ღამის განმავლობაში აკონტროლებენ აქაურობას, რათა ჩამქრალ ადგილას ცეცხლი ისევ არ გაჩნდეს", - გვეუბნება  სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც ამ წუთასაც ბორჯომის ხეობაშია, სადაც რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან...

ის, რომ ტყეში ხანძარი განსაკუთრებულად რთულია ჩასაქრობად, ამაზე არაერთხელ ითქვა, საქმე ისაა, რომ ცეცხლი არა მხოლოდ მიწის ზემოთ ჩნდება, არამედ სიღრმეშიც მიდის...

"უყურებ გადამწვარ ხეებს, გარედან ცეცხლი თითქოს ჩამქვრალია, მაგრამ თურმე შიგნით ისევ ღვივის, ფესვებიც ნაკვერჩხლად აქვს ქცეული... ამიტომაც თითოეული ხე სათითაოდ სანახავია, ამას კი ძალიან დიდი დრო  მიაქვს.

შვეულმფრნები დღესაც აგრძელებენ მუშაობას. ჩემთან ერთად არიან კასპის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრეები, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან, მეოთხე დღეა ლამის დღე და ღამ მუშაობენ, საოცარია ამ ყველაფერს რა სიმამაცით უმკლავდებიან, - გვიყვება ირაკლი და იქვე დასძენს:

"ერთადერთი, რაც ამ ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციას დროულად მოახერხებს, წვიმაა...  მაგრამ, სანამ წვიმა მოვა, იქამდე საჭიროა მუშაობა იმისთვისის, რომ ხანძარი სხვა ტერიტორიაზე არ გადავიდეს".

ქვეყანაში გახშირებული ხანძრების გამო ჩვენში უკვე ბევრი მითქმა-მოთქმაა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება.

"რთულია დივერსიაზე ხელაღებით ლაპარაკი, ერთადერთი იმის თქმა შეიძლება, რომ ძალიან საეჭვოდ არის ცეცხლის კერები ერთმანეთისგან დაშორებული. ხმელეთიდან ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა ის კარგად გამოჩნდება ციდან", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

მეხუთე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის 1500-მდე ცოცხალი ძალა, ქართული მხარიდან 60-მდე ერთეული ტექნიკა, ხოლო მეგობარი ქვეყნების მხრიდან 25-მდე ერთეული ტექნიკა არის ჩართული.

მინისტრის თქმითვე, ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი.

იხილეთ ასევე: "ეს რომ დივერსიაა, შეიძლება ორი მიზეზის გამო ვიფიქროთ..."

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)