"გვიჭირს დაჯერება, რომ ნიკა ცოცხალი აღარ არის" - ჩანჩქერს, რომელმაც ქართველი ახალგაზრდა იმსხვერპლა "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" უწოდებენ - კვირის პალიტრა

"გვიჭირს დაჯერება, რომ ნიკა ცოცხალი აღარ არის" - ჩანჩქერს, რომელმაც ქართველი ახალგაზრდა იმსხვერპლა "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" უწოდებენ

"მოგესალმებით საქართველოდან. მე ვარ ნიკა ბეგაძე, სეუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტი. ვარ 21 წლის და ვმუშაობ აიტი სპეციალისტად ენერგეტიკის ჯგუფში. სამხედრო სამსახური უკვე გავიარე. ვცხოვრობ საყვარელ ოჯახთან ერთად - მამასთან, დედასთან, დასთან და დისშვილთან, გიორგისთან, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მე ის ძალიან მიყვარს და ასევე მეორე დისშვილი ანასტასიაც. ჩვენ კარგ დროს ვატარებთ ერთად..." - ეს ვიდეო ნიკა ბეგაძემ საქართველოდან გამგზავრებამდე სოციალური ქსელით გაავრცელა, შემდეგ კი ისლანდიაში სასწავლებლად წავიდა... 19 ივლისს ნიკა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ისლანდიაში.

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი მდინარე ჰვითაში, 13 აგვისტოს იპოვეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ისლანდიის პოლიცია ნიკა ბეგაძის საძიებო ღონისძიებებს სამ კვირაზე მეტ ხანს აწარმოებდა. ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები, იმავე დღეს დაიწყეს. სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა ჩანჩქერში და მდინარეში, ასევე მდინარის სანაპიროზე, რისთვისაც გამოყენებული იქნა სამხედრო-საზღვაო ვერტმფრენები.

24 ივლისს დაკარგული ახალგაზრდის ძებნა დროებით შეწყვიტეს, რამდენიმე დღეში კი ისევ განაახლეს. ნიკა ბეგაძე ვიდეო კამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახა ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახი იქნა მისი პირადი ნივთები.

ნიკა ბეგაძე სამშობლოში დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს.

ბიჭი იმ საბედისწერო დღეს, დღის 5 საათზე, გულფოსის ჩანჩქერთან ნახეს. ნიკას მეგობრები ამბობენ, რომ ჩანჩქერის ახლოს, კაფესთან დამონტაჟებული კამერის კადრებში კარგად ჩანს, როგორ ჩადის ნიკა ჩანჩქერთან, უკან ამოსვლა აღარ ჩანს. მედიის ვარაუდით, ბიჭი სათევზაოდ ჩავიდა, რადგან მის მანქანასთან ნაპოვნია ანკესები, დაკარგულის გატეხილი მობილური ტელეფონი, კარავი, პასპორტი და სხვა საბუთები. გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობია, ბიჭი ჩანჩქერთან მარტო იყო თუ ვინმესთან ერთად.

"გვიჭირს დაჯერება, რომ ნიკა ცოცხალი აღარ არის. ისლანდიაში სასწავლებლად წავიდა, მერე იქ მუშაობაც დაიწყო. ოჯახს ძალიან უხაროდა შვილის წარმატება. თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ, ძნელია, ასეთ დროს რამე სანუგეშო უთხრა მის მშობლებს", - ამბობს ბეგაძეების მეზობელი.

ახლობლების თქმით, ნიკას არ ჰყავდა მტერი, არც ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

როგორც ირკვევა, ამ ჩანჩქერს ხშირად სტუმრობენ ტურისტები, გამაფრთხილებელი ნიშნებიც არის. ამბობენ, რომ მდინარე სწრაფი, ღრმა და ყინულიანია. იმ ადგილს "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" უწოდებენ, ჩანჩქერის რთული რელიეფური მდგომარეობა კი ძებნას ართულებს. როგორც ამბობენ, გადავარდნის შემდეგ ცოცხლად დარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს, ასვე ურთულესია დაკარგული ადამიანის ცხედრის პოვნა...

თეა ხურცილავა