"ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას"

ბორჯომის ხეობაში დღეს დილას ნისლის გამო ხანძრის ცალკეული კერების ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ვერ ჩაერთო, თუმცა მათ მუშაობა ცოტა ხნის წინ განაახლეს. ხანძრის მცირე კერების ჩაქრობაში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენია ჩართული. საჭიროების შემთხვევაში, სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვა ვერტმფრენები, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მიერ გამოგზავნილი ავიაცია ჩაერთვება.

გუშინ ღამით ბორჯომში გაწვიმდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხეობაში დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ძლიერად წვიმდა.

დღეს დილას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბის სხდომა გამართა, რომელსაც მთავრობის წევრები და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით "ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება".

"საგანგებო შტაბი მუშაობას ხანძრის კერების სრულ დამუშავებამდე განაგრძობს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ დაბის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 24 საათიან მონიტორინგს განახორციელებენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მფრინავებსა და ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ცეცხლის სტიქიას რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი ეკიპაჟების დისლოკაციის ადგილზე მივიდა და საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბელარუსის სახელმწიფოების შესაბამისი უწყებების მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს შეხვდა.

"ადამიანურად მადლობა მინდა გითხრათ თქვენი თავდადებისათვის და გმირობისთვის. გულით ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, მეტყევეებსა და ექიმებს.

"თქვენ გადაარჩინეთ ათასობით ჰექტარი ტყე. ცუდია რაც მოხდა, მაგრამ გაცილებით ცუდი შეიძლება მომხდარიყო, რომ არა თითოეული თქვენთაგანის გმირობა. მადლობა ყველას",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "რატომ მე მაინც და მაინც? ჩემს გვერდით უამრავი ადამიანი აქრობდა ცეცხლს" - 13 წლის ბიჭი, რომელიც ხანძარს შიშველი ხელით ებრძოდა

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით