"მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება" - ნიკა გვარამიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა - კვირის პალიტრა

"მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება" - ნიკა გვარამიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. ის შენობაში ადვოკატთან ერთად დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

"როგორც სავარაუდო იყო შესრულდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა. მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა, არაფერი საინტერესო არ იქნა აღმოჩენილი და ეს შემატყობინეს იმიტომ, რომ საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ამ შეტყობინების გაკეთებას. საქმის მასალები ძალიან დიდია, ამიტომ გაცნობა არც გვიცდია. გავეცანით იმას, რაც ჩვენთვის საინტერესო იყო, კერძოდ, განჩინებას და გარკვეულ მასალებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, სახელმწიფო მცდელობის საქმეზე გამოძიებამ რა დაადგინა, ნიკა გვარამიას თქმით, გამოძიება მიმდინარეობს.

"იქედან გამომდინარე, რომ ამ საქმის მთავარი ფიგურანტი არის მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი და ის საქმეები, რომლებიც აქ მის წინააღმეგ მიმდინარეობს არის ეკონომიკური ხასიათის და მათ საფუძველზე უკრაინიდან მისი ექსტრადიცია შეუძლებელია, არ არის გამორიცხული, რომ მას ბრალი წარუდგინონ ისეთი მძიმე ბრალდებისთვის, რომელიც მისცემს უკრაინის ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ სააკაშვილის ექსტრადაცია მოახდინოს. ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა საკმაოდ ლოგიკური და დასაბუთებული", - განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება აღნიშნული გამოძიების ფარგლებში "რუსთავი 2"-ში დამონტაჟებულ კამერებს, ნიკა გვარამიას განცხადებით, აღნიშნულ კამერებთან დაკავშირებით არაერთხელ მოითხოვეს ახსნა-განმარტება, თუ რატომ დგას და როდამდე იდგება ისინი, თუმცა პასუხი არ ყოფილა.

"ეს კამერები მხოლოდ გარეთ არ არის დამონტაჟებული. შიგნითაც აღმოვაჩინეთ, როგორც მოგეხსენებათ და ცხადია, რომ ესეც ხელისუფლების გაკეთებული იყო. "რუსთავი 2" ხელისუფლებისთვის ნომერ პირველი მტერია, ამიტომ რა თქმა უნდა, მას მანამდე უთვალთვალებს, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება. როგორც კი არ იქნება, ეს 13 კამერაც არ იქნება", - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. ის ე.წ. მოდულის შენონაში 17:00 საათზე უნდა მივიდეს.

"ინტერპრესნიუსი"