გიგა ბოკერიამ "მოდულის შენობა" დატოვა - კვირის პალიტრა

გიგა ბოკერიამ "მოდულის შენობა" დატოვა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს იყო ფორმალური პროცედურა, შეტყობინება იმაზე, რომ მიმდინარეობდა ფარული მიყურადება.

"ამ ყველაფერში აღსანიშნავია ის, რომ ეს გამოძიება საერთოდ აქამდე გრძელდება. ეს არის დემონსტრაცია იმ დიდი პრობლემის, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. როდესაც ივანიშვილის გუნდისგან პოლიტიკური დაკვეთით ის სტრუქტურები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ, ქვეყნის წინაშე არსებულ უამრავ პრობლემას, გამოწვევას, საფრთხეს უნდა ებრძოდნენ, ამის ნაცვლად დაკავებული არიან პოლიტიკური დაკვეთით, ასეთი შეთითხნილი ბოდვის გამოძიებით. ამ ორგანოების თითოეული წუთი, რომელზეც ჩვენი საერთო გადასახადებით არსებული რესურსი იხარჯება, არის ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი, რომ ეს ხალხი მთავრობის ხელმძღვანელობის დავალების გამო არ და ვერ აკეთებს იმ საქმეს, რისთვისაც ჩვენ ისინი დავიქირავეთ - ჩვენი ქვეყნის რეალური უსაფრთხოების დაცვას. ეს არის პრობლემა, ეს უნდა შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში და ეს აუცილებლად მოხდება", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, როცა გარკვეული პერიოდი გადის, ამის შემდეგ ხდება შეტყობინება, რომ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა.

"თუ აგრძელებენ მიყურადებას, მაშინ ხელახლა უნდა აიღონ მოსამართლისგან განჩინება და ამას არ შეგატყობინებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი გამოწვევა არის ვითარების აბსურდულობა, რომ ამაზე საერთოდ დროის ერთი წუთი მაინც იკარგება იმ ორგანოში, რომელიც რეალურ და სერიოზულ საფრთხეებს უნდა ებრძოდეს", - განაცხადა ბოკერიამ.

დღეს ე.წ. მოდულის შენობაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც იმყოფებოდა.

იხილეთ ასევე: "მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება" - ნიკა გვარამიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა