"იმედას ქორწილისთვის ემზადებოდნენ. ვინ იფიქრებდა, ამხელა ტრაგედია რომ დატრიალდებოდა" - კვირის პალიტრა

"იმედას ქორწილისთვის ემზადებოდნენ. ვინ იფიქრებდა, ამხელა ტრაგედია რომ დატრიალდებოდა"

24 აგვისტოს, გამთენიისას 5 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ ჩიბათთან შემზარავი ავარია მოხდა. ბათუმისკენ მიმავალ ტრაილერს მოულოდნელად მისაბმელი მოსწყდა და საპირისპირო მხარეს მიმავალ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავტომანქანაში 6 მგზავრი იყო, 5 გარდაიცვალა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, ერთი კი მრავლობითი მოტეხილობებით ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტრაილერი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდიოდა. მისი მძღოლი, რომელიც ყაზახეთის მოქალაქეა, დაკავებულია.

მომხდარზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ“, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

მსუბუქ მანქანას 27 წლის იმედა ქობულაძე მართავდა, მის გვერდით იჯდა მამამისი - ჯემალ ქობულაძე, უკან, სავარძელზე კი ჯემალის ფეხმძიმე ქალიშვილი, ასმათი მეუღლესთან, გია ბოლქვაძესთან ერთად, 5 წლის ანანო და გიას დედა. ისინი თბილისში ექიმთან გამოკვლევების ჩასატარებლად მოემგზავრებოდნენ.

თვითმხილველნი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას იხსენებენ, რომ ავარიის შემდეგ მსუბუქ ავტომანქანას სახურავი, ფაქტობრივად, ახსნილი ჰქონდა. სწორედ ამ ადგილას მჯდარა ჯემალ ქობულაძე, რომელიც ამჟამად ბათუმის საავადმყოფოშია, დანარჩენები დაიღუპნენ.

გარდაცვლილები ბათუმელები იყვნენ. გიასა და ასმათს ორი გოგონა დარჩათ - 7 წლის და 9 თვის, ანანო მათი შუათანა შვილი იყო.

ჯემალ ქობულაძეს ტრაგედიის შესახებ ჯერ არაფერს ეუბნებიან. ოჯახის ახლობლის თქმით, ჯემალს 8 თვის წინ და გარდაეცვალა, 2 კვირის წინ - მეორე და და მათი ობლები ჯემალ ქობულაძის ოჯახში იზრდებოდნენ.

"მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰქონდათ და უჭირდათ. იმედა იყო ოჯახის გვარის ერთადერთი გამგრძელებელი. ცოტა ხნის წინ მიწის ნაკვეთი გაყიდეს და სახლის მეორე სართული გაარემონტეს, იმედას ქორწილისთვის ემზადებოდნენ. ვინ იფიქრებდა, ამხელა ტრაგედია რომ დატრიალდებოდა"," - გვითხრა ოჯახის ნათესავმა."

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად.

ეკა სალაღაია