რის შესახებ გააფრთხილა ისრაელმა რუსეთი? - კვირის პალიტრა

რის შესახებ გააფრთხილა ისრაელმა რუსეთი?

ისრაელმა რუსეთი გააფრთხილა, იმ შემთხვევაში თუ ირანი სირიაში თავის პოზიციებს გააძლიერებს, ისრაელი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის საპრეზიდენტო სასახლეს დაბომბავს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Al-Jadida ისრაელის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, ისრაელმა ასევე გააფრთხილა რუსეთი, იმ შემთხვევაში თუ რეგიონში სერიოზული ცვლილებები არ მოხდება, ისრაელი უზრუნველყოფს იმას, რომ აშშ-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გაუქმებული იყოს.

წყაროს განცხადებით, გასულ კვირას სოჭში, ვლადიმერ პუტინსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გამართულ შეხვედრაზე რაიმე შეთანხმება მიღწეული არ იყო. თუმცა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირდაპირ განუცხადა ვლადიმერ პუტინს, რომ ის საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს ისრაელისთვის, დარეგულირებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელს მოქმედება მოუწევს.

გასულ კვირას, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც თან ახლდნენ ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის „მოსადის“ ხელმზღვანელი იოსი კოენი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მეირ ბენ შაბათი, სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა სირია და სირიაში ირანის პოზიციების გაძლიერების საკითხი იყო.

ასევე იხილეთ: სირია შესაძლოა ირანსა და ისრაელს შორის ბრძოლის ველად იქცეს

"ინტერპრესნიუსი"