ხანძარი ახალციხის მუნიციპალიტეტში - ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი დილიდან ჩაერთვება - კვირის პალიტრა

ხანძარი ახალციხის მუნიციპალიტეტში - ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი დილიდან ჩაერთვება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძარი გაჩნდა. ახალციხის რაიონის გამგებლის, ზაზა მელიქიძის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

"ცეცხლი გავრცელებულია რთულ რელიეფზე, ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, რომელიც აქ უნდა იყოს. მოსახლეობისთვის რაიმე საფრთხე არ არსებობს, რადგან ხანძრის კერა ძალიან შორს არის დასახლებული პუნქტისგან. უშუალოდ ადგილზე სახანძრო მანქანა ვერ მიდის, თუმცა მეხანძრეები ადგილზე არიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები", - განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთვება. მისივე თქმით, ადგილზე გამოძახებულია ცოცხალი ძალა, დაახლოებით 200 კაცის შემადგენლობით, რომლებიც ასევე დილიდან შეუდგება მუშაობას.

"ხანძარი დიდ ფართობზე გავრცელებული არ არის, ამ ეტაპზე საგანგაშო ნამდვილად არაფერია, უბრალოდ ტერიტორია არის საკმაოდ მიუვალი, კლდოვანი და ტექნიკას უჭირს მიახლოვება. მიუხედავად ამისა, დილის 7 საათიდან, როგორც კი გათენდება, ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთვება. ვერტმფრენი იქნება ადგილზე, გამოძახებული გვყავს ცოცხალი ძალა, 200 კაცის შემადგენლობით. ხანძრის გავრცელების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი, რომელსაც დღეს ჩაუტარდა რეგლამენტი, დილიდან მწყობრში იქნება და ჩაერთვება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ნახევარ ჰექტრამდეა დამწვარი და ცეცხლი განელებულია. მისი გავრცელების საფრთხე არ არის", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მან კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს ღამით, ადგილზე მეხანძრეები არ დატოვონ, ვინაიდან ციცაბო ფერდობია და ადამიანის სიცოცხლისთვის ღამით იქ ყოფნა საფრთხის შემცველია.

"ინტერპრესნიუსი"