"...რა ახლოს იყო კაცობრიობა არმაგედონთან" - რადიოაქტიურ ჩერნობილში ტურისტების ბუმია - კვირის პალიტრა

"...რა ახლოს იყო კაცობრიობა არმაგედონთან" - რადიოაქტიურ ჩერნობილში ტურისტების ბუმია

"ვიდრე ახალი ბირთვული საფრთხის ერაში შევდივართ, სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი ჩადის ცივ ომთან დაკავშირებულ იმ უკრაინულ ტერიტორიაზე, სადაც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, რათა საკუთარი თვალით ნახონ რა ახლოს იყო კაცობრიობა არმაგედონამდე", - წერს Independent-ის ჟურნალისტი შარლი რიდი, რომელმაც თავად იმოგზაურა გაუკაცრიებულ ჩერნობილში.

"ღილაკი, რომელსაც შეეძლო კაცობრიობის ბირთვული განადურება ნაცრისფერია და არა წითელი, როგორც აქამდე ვიცოდით. ამის თაობაზე იმ სარაკეტო ბუნკერში ჩასვლისას გავიგე, რომელიც მიწის სიღრმეში მე-12 სართულზე მდებარეობს და სადაც თავის დროზე მორიგეობდნენ საბჭოთა ოფიცრები", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც ირკვევა, ბოლო ხანს ჩერნობილის ტერიტორიას მართლაც დიდი რაოდენობით ხალხი აწყდება, რომელთაც აინტერესებთ თუ რა ხდებოდა ბირთვულ სარაკეტო ბაზებზე და როგორ გამოიყურებოდა იქაურობა კომუნისტური რეჟიმის პერიოდში.

იქაურ მუზეუმში "გამოფენილია" რამდენიმე რაკეტა, რომელთაც ასობით მეტად დამანგრეველი ძალა აქვთ, ვიდრე ჰიროსიმაზე ჩამოგდებულ ბომბს.

პირველი ტური ჩერნობილში უკრაინულმა ტურისტულმა სააგენტო SoloEast Travel - მა 2000 წელს მოაწყო, 2016 წელს კი ადილზე 7500 ადამიანი ჩაიყვანეს. კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სერგეი ივანჩუკი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც 2000 წელს გაემგზავრნენ ჩერნობილში, დიდი გამბედაობით გამოირჩევიან და რომ ახლა იქ წასვლა არც ისე საშიშია. მუზეუმის ყველა გიდი ყოფილი საბჭოთა ოფიცერია, რომლებიც სარაკეტო ბაზებზე მუშაობდნენ.

ქალაქი პრიპიატი ერთ დროს საიდუმლო საბჭოთა ქალაქს წარმოადგენდა, რომელიც მხოლოდ ჩერნობილის ბირთვულ რეაქტორზე მომუშავე ხალხისა და მათი ოჯახებისთვის იყო ღია, სხვა ყველას ეკრძალებოდა აქ ყოფნა. პრიპიატი კიევიდან საათნახევრის სავალზეა. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის N4 ბირთვული რეაქტორის აფეთქების გამო 49 000 ადამიანი ევაკუირებულ იქნა ქალაქიდან.

ვიდრე ცდილობდნენ განადგურებული რეაქტორისგან ნაწილაკები შეეგროვებინათ, რადიაციული მოწამვლისაგან მრავალი ჯარისკაცი გარდაიცვალა. ოფიციალურად გარდაცვლილი ჯარისკაცების რიცხვი 31 იყო, მაგრამ ფიქრობენ, რომ ქარის მიერ ბელარუსსა და ჩრდილოეთ ევროპაში გადატანილმა რადიოაქტიურმა ნივთიერებამ დაახლოებით 10 000 კაცი იმსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები ჩერნობილის რეაქტორის კონსტრუქციას არაჯანსაღად და საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რუსეთი მაინც აგრძელებს 11 მსგავსი ბირთვული რეაქტორების გამოყენებას.

დაზიანებული რეაქტორი, რომელიც ახლახანს გარედან შემოსაზღვრეს, ტურისტებს შეუძლიათ გადაღმა ქუჩიდან დაათვალიერონ. ტურის ყველაზე აღსანიშნავი ადგილი მაინც ქალაქი პრიპიატია. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი გაფრთხილებულია შენობებში შესვლისაგან თავი შორს დაიჭირონ, ისინი მაინც შედიან ძველ საავადმოფოებსა და სხვა დაწესებულებებში. ტურისტები ხშირად აკითხავენ იმ ჰოსპიტალს, სადაც რადიაციისგან მოწამლულები გადაიყვანეს. ისინი თავიაანთ გეგერ-მრიცხველებს (რადიაციის საზომი) საავადმყოფოს ვესტიბიულში ტოვებენ და უყურებენ, თუ როგორ აღწევენ ისინი საშიშ რიცხვს.

ტუროპერატორები აცხადებენ, რომ ჩერნობილის სტუმრობა არანაკლებ საზიანოა, ვიდრე უკრაინიდან ჩრდილო ამერიკაში გადაფრენა. ეს კალკულაცია ითვალისწინებს გადამწვარ რეაქტორთან 10 წუთით ყოფნასა და ქალაქ პრიპიატში 2 საათის გატარებას.

გიდები ამშვიდებენ ხალხს, რომ სპეციალური (ძველი საბჭოური) აპარატების საშუალებით შეიძლება რადიოაქტიური დასხივების შემოწმება მანამ, სანამ ჩერნობილს დატოვებს ტურისტი, ამიტომაც რისკები ნაკლებია.

ტურისტების უფრო მეტად შოკირებისთვის, პრიპიატის ქუჩებში მიმობნეულია ძველი, ცალთვალა, ცალფეხა, დაზიანებული სათამაშოები. ზოგ მათგანს გაზის ნიღაბიც კი უკეთია. ყველაზე შემაძრწუნებელი კი მაინც მიტოვებული და უკაცრიელი გასართობი პარკია ცარიელი ატრაქციონებით, რომლებშიც ადამიანების ნაცვლად გამხმარ ფოთლებს ნახავთ (წყარო).

ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: რა მოხდა ჩერნობილში და რატომ მოიკლა თავი აკადემიკოსმა ლეგასოვმა?!

მოამზადა ანა სიბოშვილმა