"დახვრეტამდე სამხედროებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ღიმილით მიმართა: - "მე მზად ვარ, ბატონებო!" - კვირის პალიტრა

"დახვრეტამდე სამხედროებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ღიმილით მიმართა: - "მე მზად ვარ, ბატონებო!"

შეუდარებელი კურტიზანი ქალის, ორმაგი ჯაშუშისა და მოცეკვავის მატა ჰარის ბიოგრაფია დღესაც კი განხილვის საგანია. მასზე გავრცელებული ამბები ძირითადად მითებზეა აგებული და მხოლოდ რამდენიმე მათგანია დამტკიცებული არქივში დაცული მასალებით.

ვინ იყო ეს ქალბატონი და როგორ იმოქმედა ისტორიის სვლაზე, კონკრეტულად კი პირველ მსოფლიო ომზე, დანამდვილებით დღესაც უცნობია. როგორც ამბობენ, მატა ჰარის საქმის დეტალები საფრანგეთის მხარის მიერ დღესაც გასაიდუმლოებულია.

მისი ნამდვილი სახელია მარგარიტა გერტრუდა ზელე. ის 1876 წელს ჰოლანდიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ლეუვარდენში 7 აგვისტოს დაიბადა. მას სამი ძმა ჰყავდა, როგორც ცნობილია, გოგონა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა. ოჯახი ქუდების მაღაზიას ფლობდა და ასევე ნავთობის მოპოვების ბიზნესის ერთ-ერთი მეწილე იყო. ბავშვები ელიტურ სკოლაში იღებდნენ განათლებას.

ოჯახის უდარდელი ცხოვრება მაშინ დასრულდა, როცა მარგარიტას მამა ადამ ზელე გაკოტრდა. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, მაშინ გოგონა 13 წლის იყო. მარგარეტა 15 წლის იყო როცა დედა გარდაეცვალა. მამამ გოგონა ბიძასთან ნიდერლანდების ჩრდილოეთში პატარა ქალაქ სნეკში გაგზავნა. თავისუფლების მოყვარულმა გოგონამ ბიძას თავი დააღწია და ჰააგაშიც კი გაიქცა.

18 წლის გრეტამ ერთხელ გაზეთის რუბრიკა აღმოაჩინა, სადაც მამაკაცები ურთიერთობისთვის ქალბატონებს ეძებდნენ, მან კარგად შეისწავლა განმცხადებლები და არჩევანი 39 წლის ოფიცერ რუდოლფ მაკ-ლეოდზე შეაჩერა. 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, გოგონამ ოფიცერს თავი შეაყვარა და მისთხოვდა კიდეც.

შესაძლოა ოჯახის შექმნისას მართლაც სურდა ლამაზი ოჯახი ჰქონოდა, თუმცა მას შემდეგ რაც მეუღლე ინდონეზიის კუნძულ იავაზე გადავიდა და ახალგაზრდა ცოლს დაუფარავად ღალატობდა, წარუმატებელ კარიერას გრეტას აბრალებდა და სიმთვრალეში მეუღლეს და ორ მცირეწლოვან შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა, ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე ქალმა ხელი ჩაიქნია

როგორც ამბობენ, სწორედ ამ კუნძულზე დაიწყო გრეტას მრავალფეროვანი ცხოვრება. მეუღლეზე გაბრაზებულ გოგონას ურთიერთობები ჰქონდა ახალგაზრდა ოფიცრებთან, ერთ-ერთი ოჯახური სკანდალის შემდეგ ის საცხოვრებლად ჰოლანდიელ ოფიცერთან ვან რედესთან გადავიდა. ის სწავლობდა ინდონეზიურ კულტურას, ქმარზე გაბრაზებული თავს ცეკვით იმშვიდებდა. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად მან სწორედ კუნძულ იავაზე დაირქვა სახელი მატა ჰარი, რაც მალაიზიურად "დღის თვალს" ნიშნავს.

გოგონას მძიმე ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა ორი წლის ვაჟის ნორმანის გარდაცვალებამ. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მწვავე სიფილისით გარდაიცვალა, რომელიც მშობელთაგან ერთ-ერთმა გადასდო. ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ ბავშვები მოახლემ მოწამლა. მატა ჰარის უფროსი გოგონაც 21 წლის ასაკში სიფილისით გარდაიცვალა.

მანამდე კი ოჯახი ჰოლანდიაში დაბრუნდა, აქ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ოფიციალურად გაეყარა, მარკ-ლეოდმა უარი განაცხადა ალიმენტის გადახდაზე და მარგარიტას შვილიც წაართვა.

ოჯახის დანგრევის შემდეგ, მარგარიტას ფინანსური შემოსავალი საერთოდ აღარ ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა პარიზში წასულიყო და იქ რაიმე საქმე ეპოვა. მოგვიანებთ როცა ჰკითხეს, რატომ აირჩია პარიზი, მან უპასუხა: - "არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ყველა ქმარგაშორებული ქალი პარიზისკენ მიიწევს".

საფრანგეთში ჩასულმა მარგარიტამ გადაწყვიტა მხატვრების მუზა გამხდარიყო, ხელოვნების სკოლებში ის მენატურედ მუშაობდა, თუმცა მალევე დაიწუნეს, რადგან პატარა მკერდი ჰქონდა. ამის შემდეგ მან გაიხსენა რომ ინდონეზიაში ცხენზე ჯირითს ეუფლებოდა, ამ ცოდნით მუშაობა ცირკში დაწყო და მაყურებლის წინაშე ლედი გრეშა მაკ-ლეოდის სახელით გამოდიოდა.

მდიდრული ცხოვრების მოყვარული მარგარიტა ვერ ეგუებოდა მცირე შემოსავალს, ამიტომ ფიქრობდა როგორ გამხდარიყო პარიზის მაღალი საზოგადოების ბოჰემური ცხოვრების ნაწილი, მას გაახსენდა, რომ საოცრად გამოსდიოდა ეგზოტიკური ცეკვა, რომელიც კუნძულზე შეისწავლა. მატა ჰარის დებიუტი მოცეკვავის რანგში 1905 წელს საფრანგეთში აღმოსავლური კულტურის მუზეუმში შედგა. საფრანგეთის მაღალი საზოგადოების წევრ მამაკაცებს მოეწონა მომხიბვლელი, ეგზოტიკური მოცეკვავე. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, მარგარიტას საყვარელმა, აღმოსავლური კულტურის მუზეუმის დირექტორმა გიმემ მოუფიქრა გოგონას სცენური სახელი"მატა ჰარი".

მამაკაცების ყურადღების მისაპყრობად, ცეკვისას ახალგაზრდა ქალი სამოსს მთლიანად იხდიდა და მის სხეულზე მხოლოდ რამდენიმე სამკაული რჩებოდა.

მატა ჰარის საუკეთესო გამოსვლა კი იაპონიისა და გერმანიის ელჩებისთვის შედგა. ეს ღამე მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა - დაიწყო გრეტას ბოჰემური ცხოვრებაც.

ფრანგული გამოცემა La Vie Parisienne-მ წერდა:

"ცეკვა, რომელსაც მადამ მატა ჰარი ასულებს მან კუნძულ იავაზე ისწავლა. ეს ცეკვა გასაიდუმლოებულია და მას ერთეულებს ასწავლიან და მათ მხოლოდ ბრაჰმანები უყურებენ"

დროთა განმავლობაში მატა ჰარი ელიტურ კურტიზან ქალად იქცა, გოგონამ დაჩრდილა ყველა მსახიობი თუ მოცეკვავე, რომელიც აქამდე პუბლიკას იპყრობდა. როგორც ამბობენ, ალბათ ევროპის ყველა ქალაქში ჰყავდა მას საყვარელი, ისინი ქალს ფულითა და სხვა მდიდრული საჩუქრებით ანებივრებდნენ, თუმცა მას არასდროს ჰქონდა ფული და ყოველთვის ვალებს იღებდა, რადგან, როგორც ამბობენ ის აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. მისი სახელი უკვე ყველგან იყო, ტკბილეულის შეფუთვებზე, თამბაქოს კოლოფებზე... გრეტას გაღარიბებულმა მამამ თავის შვილს წიგნიც კი მიუძღვნა. კურტიზანმა ქალმა საფრანგეთის შემდეგ მადრიდი და მონტე-კარლო დაიპყრო.

შპიონაჟი

1906 წლის ზაფხულში მატა ჰარი ბერლინში ჩავიდა, რათა თავისი საცეკვაო ნომრით წარმდგარიყო გერმანელი პუბლიკის წინაშე. მან ახალი საყვარელი გაიჩინა ლეიტენანტი ალფრედ კიპერტი. ლეიტენანტმა საყვარელი ქალბატონი გერმიანიის ქალაქ სილეზიაში დაპატიჟა, სადაც მოულოდნელად დაიწყო სამხედრო მოქმედებები.

ჰოლანდიის მოქალაქე მარგარეტამ ვეღარ მოახერხა გერმანიის დატოვება. აქ ის რამდენჯერმე დააკავეს და რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს. მან მოახერხა და გერმანიას თავი დააღწია, სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ჰოლანდიაში ცხოვრება ერთფეროვანი ეჩვენა და ისევ პარიზის მდიდრული ცხოვრება არჩია.

ომის გამო ის თავისუფლად ვეღარ მოგზაურობდა ევროპის ქვეყნებში, თუმცა კერძო გადაფრენებით მაინც ჩადიოდა ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. მოგვიანებით კი საფრანგეთის კონტრდაზვერვა დაინტერესდა მოცეკვავის ესპანეთში სტუმრობით, რადგამ იმ პერიოდში ესპანეთში გერმანული რეზიდენტურა აქტიურად მუშაობდა.

საფრანგეთში ფიქრობდნენ, რომ ჯერ კიდევ მოცეკვავედ ჩამოყალიბებამდე მატა ჰარი გერმანელებმა "დაავერბოვკეს". ამის შესახებ ეჭვი ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე გაჩნდა.

მარგარიტას გაშიფვრის შემდეგ, ის თავად დაუკავშირდა საფრანგეთის კონტრდაზვერვას და შესთავაზა, რომ საფრანგეთის აგენტი იქნებოდა. ფრანგებმა ის გამოსაცდელად 1917 წელს მადრიდში გაგზავნეს, აქ დადასტურდა, რომ კურტიზანი ქალი მართლაც გერმანელების აგენტი იყო. გერმანელები მას დაუკავშირდნენ და აგენტ H-21-ს საფრანგეთში დაბრუნება მოსთხოვეს. ეს შეტყობინება კი საფრანგეთის მხარემ რადიო ტალღების დაჭერით გაშიფრა.

ექსპერტთა და მეცნიერთა აზრი მატა ჰარის შესახებ ორად იყოფა, ნაწილი ფიქრობს, რომ ის იყო ძალიან ჭკვიანი ქალი. მეორე ნაწილის აზრით კი ქალი, რომელიც ამორალურად ცხოვრობდა და საკუთარ თავზე სხვადასხვა მითს თხზავდა, რათა საზოგადოებისთვის უფრო საინტერესო გამხდარიყო.

მატა ჰარის ბიოგრაფების აზრით, მას 100-ზე მეტი საყვარელი ჰყავდა. ბევრი კი მიიჩნევს, რომ მას მხოლოდ რუსი მფრინავი ვადიმ მასლოვი უყვარდა, ის ფრანგულ ავიაციაში მსახურობდა. ცნობილია, რომ გრეტამ ის 1916 წელს გაიცნო, მფრინავი ამ დროს 21 წლის იყო თავად გრეტა კი 40 წლის. ასევე ამბობენ იმასაც, რომ რუსი მფრინავი, რომელიც გრეტას თავდავიწყებით შეუყვარდა მისი გარდაცვლილი ვაჟის ნათესავად ითვლებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასლოვი და მარგარიტა ოჯახის შექმნას ფიქრობდნენ, თუმცა მფრინავი ომში წავიდა სადაც ერთ-ერთი შეტაკებისას ცალი თვალი დაკარგა. მასლოვის ამბის გაგებით შეწუხებულმა კურტიზანმა ქალმა საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართა რათა საყვარელი მამაკაცი ენახა, მათ კი სანაცვლოდ გერმანიის საიდუმლო ინფორმაციების მოძიება შესთავაზეს.

მაღალჩინოსანი მამაკაცის სიყვარულმა მარგარიტას ვერ აარიდა საკანი. ის 1917 წელს დააკავეს და 4 თვის განმავლობაში კითხავდნენ, თუმცა კურტიზანი ქალი უარყოფდა გერმანელების აგენტობას და ამბობდა, რომ სასიყვარულო ურთიერთობების გარდა გერმანელ ოფიცრებთან სხვა არაფერი აკავშრებდა. 1917 წლის ივლისში გამართულ სასამართლო პროცესზე მას ბრალად დასდეს მოწინააღმდეგისთვის ინფორმაციის გადაცემა, რასაც ათასობით ჯარისკაცი ემსხვერპლა. "რაც ამ ქალმა გააკეთა, შეუფასებელი დანაშაულია, ის ჩვენი საუკუნის უდიდესი ჯაშუშია", - განაცხადა სახელმწიფო წარმომადგენელმა სასამართლოზე. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

სიკვდილით დასჯა

1917 წლის 15 ოქტომბერს დილით ადრე კურტიზან ქალს ბადრაგმა მიაკითხა, მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ჯერ არ უსაუზმია, სანამ მატა ჰარი ციხეში ბოლოჯერ საუზმობდა, კუბოც მოიტანეს. საუზმობის შემდეგ მან აბრეშუმის შავი პალტო ჩაიცვა, ქუდი დაიფარა, ხელთათმანები გაიკეთა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვა. მას უკვე ელოდა 12-კაციანი ჯგუფი, რომელსაც მარგარიტა უნდა დაეხვრიტა. მოითხოვა ხელები არ შეეკრათ და არც თვალებზე აეფარებინათ რამე. სამხედროებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და განაცხადა: "მე მზად ვარ, ბატონებო!"

არც ერთმა ნათესავმა არ გამოთქვა სურვილი გრეტას სხეული გადაესვენებინათ. მისი სხეული პარიზის ანატომიის მუზეუმს გადასცეს, მოცეკვავის ბალზამირებულ თავს დიდი ხანი ინახავდნენ, თუმცა 2000 წელს აღმოაჩინეს, რომ ის დაიკარგა. ვარაუდობენ, რომ მატას სხეულის ნაწილი შესაძლოა 1954 წელს დაკარგულიყო, მაშინ როცა მუზეუმმა ადგილი შეიცვალა. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: მარიამ კერესელიძე - ქართველი მატა ჰარი

თარგმნა ეკა გადახაბაძემ