საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ირინა სავიცკაიას ადვოკატი და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ - კვირის პალიტრა

საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ირინა სავიცკაიას ადვოკატი და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ

საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ირინა სავიცკაიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლის, ია პოზოვის განმარტებით, ჩატარდა კანონით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა, რომელიც ბოლო ეტაპია გადაწყვეტილების მიღებამდე. თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 31 აგვისტოს მიიღებს.

„დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მოვითხოვეთ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში. ქალბატონ ირინა სავიცკაიასთან ჩატარდა დეტალური გასაუბრება, სადაც საუბარი გვქონდა იმ დეტალურ არგუმენტებსა და რისკებზე, რაც შესაძლოა, თან სდევდეს ირინა სავიცკაიას ექსტრადირებას უკრაინაში. კერძოდ, ჩვენ წარვადგინეთ არაერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ სავიცკაიას ექსტრადირების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შესაძლოა, დაემუქროს საფრთხე. ის იქნება პოლიტიკური დევნის მსხვერპლი,“- აღნიშნა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა და არ გამორიცხა, რომ სავიცკაიასგან სასურველი ჩვენებების მისაღებად ის დიდი ალბათობით, შესაძლოა, დაექვემდებაროს წამებას და არაადამინურ მოპყრობას უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

შეხვედრის პარალელურად, რუსთავის მეხუთე კოლონიასთან, სადაც ირინა სავიცკაიაა მოთავსებული, ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ისინი ირინა სავიცკაიას გათავისუფლებას და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებას მოითხოვდნენ. ირინა სავიცკაიას მეუღლის, დიმიტრი სავიცკის, განმარტებით, ირინა სავიცკაია უკანონოდ არის დაპატიმრებული და უკრაინაში მისი ექსტრადირების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ირინა სავიცკაიას ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვას დღეს გეგმავს, ის საექსტრადაციო პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას მოითხოვს. გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, ირინა სავიცკაია ამჟამად საკმაოდ მძიმე მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა.

ირინა სავიცკაია სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმში დააკავეს. ის სადისტრიბუციო კომპანია „leader distribution”-ის ბუღალტერია, ამასთანავე არის უკრაინაში მოქმედი ოპოზიციური რადიკალური პარტიის აქტივისტი და სახალხო დეპუტატის სერგეი რიბალკას მეგობარი. უფლებათდამცველები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას სწორედ რიბალკას დისკრედიტაციისთვის სურთ სავიცკაიას გამოყენება. უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებისგან სავიცკაიას ექსტრადირებას მოითხოვს.