მამის შემდეგ "ოსკარისთვის" ქალიშვილიც იბრძოლებს - ანა ურუშაძის "საშიში დედა" წარმატებულ სვლას აგრძელებს - კვირის პალიტრა

მამის შემდეგ "ოსკარისთვის" ქალიშვილიც იბრძოლებს - ანა ურუშაძის "საშიში დედა" წარმატებულ სვლას აგრძელებს

რეჟისორების, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინოკრიტიკოსებისგან შემდგარმა ცხრაკაციანმა ჟიურიმ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და საქართველო "ოსკარზე" ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმს "საშიში დედა" წარადგენს.

ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, "ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოდა, ესენია: "ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი); "მძევლები" (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი); "საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე) და "ლუკა" (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე).

წარმოდგენილი ოთხი სურათიდან გამარჯვებული ფილმი ფარული კენჭისყრით შეირჩა.

ანა ურუშაძის დებიუტი მართლაც რომ შთამბეჭდავი გამოდგა, მან არაერთ კინოფესტივალში უკვე მიიღო მონაწილეობა და წარმატებებსაც მიაღწია.

სულ ახლახანს "საშიში დედა" ლოკარნოს 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეული გახდა საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც მსოფლიო კინემატოგრაფისტთა ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. კინოსურათი ქართულ-ესტონური პროექტია, რომლის სცენარიც ანას ეკუთვნის. ფილმი ქართველი დიასახლისის ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ასეთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: ოჯახი თუ მწერლობა.

ანა ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ქალიშვილია, რომლის ფილმი "მანდარინები" "ოსკარის" ნომინანტი" იყო და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

"ყოველთვის ვბაძავდი მამაჩემს ყველაფერში და მინდოდა გამეკეთებინა ყველაფერი, რასაც აკეთებდა. ამიტომ თავიდანვე ჩაბეჭდილი მქონდა გონებაში, რომ რეჟისორი უნდა გავმხდარიყავი. ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირად სწორი იყო ეს გადაწყვეტილებაც და არ დამისვამს ჩემი თავისთვის ბევრი შეკითხვა", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ანა.

ფილმის მთავარი გმირის - მანანას როლს ცნობილი ქართველი მსახიობი ნატა მურვანიძე ასრულებს, ფილმში ასევე მონაწილეობენ: დიმიტრი ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთანდილ მახარაძე და ა.შ.

ფილმის პროდიუსერები საქართველოდან არიან ლაშა ხალვაში (სტუდია "არტიზმი"), თინათინ ყაჯრიშვილი (სტუდია "ჯემინი") და ივო ფელტი (Studio Allfilms) ესტონეთიდან.

შეგახსენებთ, ქვეყნის შიგნით შერჩეული კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიას ეგზავნება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ ფილმებს შორის ჯერ ცხრა სურათს შეარჩევენ, საბოლოოდ კი "ოსკარის" უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ხუთი ფილმი წარსდგება.

"კვირის პალიტრა" ახალგაზრდა რეჟისორს და მის ნამუშევარს წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ასევე: "ქრება შუქი და... ასახელებენ ჩემს ფილმს"