რა არის კოკსაკის ვირუსი, რომლის რამდენიმე შემთხვევა საქართველოში უკვე დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

რა არის კოკსაკის ვირუსი, რომლის რამდენიმე შემთხვევა საქართველოში უკვე დაფიქსირდა

საქართველოში ენტეროვირუსული ინფექცია კოკსაკის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, შემთხვევების კონკრეტულ რაოდენობაზე საუბარი რთულია, რადგან მისი აღრიცხვა არ ხდება.

მისი თქმით, კოკსაკის შემთხვევების გამოვლენას ძირითადად მაისიდან ივლისამდე ჰქონდა ადგილი.

"ვირუსი კოკსაკი მთელ მსოფლიოში და მით უმეტეს, საქართველოსნაირი კლიმატის ქვეყნებში ხშირად ფიქსირდება. გამომდინარე აქედან, რამდენიმე შემთხვევა ყოველთვის არის ხოლმე საქართველოში. ვირუსი იმდენად მსუბუქია, არ აღირიცხება ცალკ-ცალკე თუ არ არის აფეთქება. აფეთქება კი არა გვაქვს. ჩვენთან ძირითადად დაფიქსირდა მაის-ივლისში, ახლა თითო-ოროლა შემთხვევაა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ზოგადად ვირუსების კუთხით "ძალიან წყნარი ზაფხული გვქონდა".

რა არის კოკსაკის ვირუსი?

ოკსაკის ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა ნიუიორკის შტატის ქალაქ კოკსაკში, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება. დაავადების ერთადერთი წყაროა დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანი. გადაცემის მექანიზმია ფეკალურ-ორალური, საყოფაცხოვრებო ან ჰაერ-წვეთოვანი. დაბინძურებული შეიძლება იყოს საცურაო აუზის წყალი, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო საგნები, ქვიშის სათამაშო მოედნები და ა.შ. ინკუბაციური პერიოდია 3-დან 6 დღემდე.

ენტეროვირუსული ინფექციების კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია- უსიმპტომო მიმდინარეობიდან იშვიათად მძიმე (მენინგიტი, კარდიტი, ართრიტი, მენინგოენცეფალიტი) დაავადებებამდე.

კოკსაკის ვირუსი კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს:

  • არასპეციფიკური ენტეროვირუსული ცხელებით 38.5-40◦C-მდე, გაღიზიანებადობით, თავის ტკივილით, ღებინებით, საერთო სისუსტით, ანორექსიით, ადინამიით
  • ხელ-ფეხ-პირის დაავადება - ვეზიკულურ - წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი ფეხის, ხელის გულებზე და პირის ირგვლივ
  • ჰერპანგინა- ე.წ. ენტეროვირუსული ვეზიკულური ფარინგიტი, რომელიც ხშირად ეშლებათ ბაქტერიულ ანგინაში
  • ენტეროვირუსული სტომატიტი
  • ენტეროვირუსული ეგზანთემა-ლაქოვან პაპულოზური გამონაყარი კანზე
  • ჰემორაგიული კონიუქტივიტი
გაგრძელება