"კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი როგორი მძინარაც ჰყავს, ყველამ იცის - ყველამ ჩაასწრო სტიქიის ადგილზე" - კვირის პალიტრა

"კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი როგორი მძინარაც ჰყავს, ყველამ იცის - ყველამ ჩაასწრო სტიქიის ადგილზე"

"პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებულია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ცვლილებები სწორად განხორციელდება იმიტომ, რომ არ მესმის, როგორ არ მოიხსნა პირველივე დღეს მინდია ჯანელიძე", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა სტიქიასთან ბრძოლაში ქვეყნის მაღალი ხარისხის მზადყოფნაში მოსაყვანად სისტემური ცვლილებების გატარებას გეგმავს. პრემიერმა ამ კონტექსტში როგორც ინფრასტრუქტურული მიმართულების გაძლიერება, ისე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა დააანონსა.

ლევან ბერძენიშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი არაკომპეტენტურობასა და რუსეთის აგენტობაში დაადანაშაულა. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ არასწორია, როცა პრემიერ-მინისტრი აქრობს ხანძარს - შრომის გადანაწილება სწორად უნდა განხორციელდეს.

"კრიზისების მართვის საბჭო, რომელსაც მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს, არის მუწუკი, წურბელა სახელმწიფოს ტანზე იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაფერს აკეთებს. არც ტექნიკა აქვს, არც მომზადებული კადრები ჰყავს, ხელმძღვანელი როგორი მძინარაც არის ყველამ იცის - ყველამ ჩაასწრო სტიქიის ადგილზე. "ფე-ეს-ბეს" კადრია, რუსეთის აგენტია, მაგრამ რუსეთმა ისიც კი არ დაავალა, რომ კარგი აგენტი იყოს, მომზადებული იყოს და რაღაცაში მაინც ერკვეოდეს. ამიტომ, ყველანაირი სტრუქტურული ცვლილება, თუ ხელმძღვანელი იგივე დარჩება, იქნება უაზრობა.

თავისთავად, ბორჯომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს სამსახური უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ძალიან სერიოზულად მომზადებული - პრემიერი რომ აქრობდა ხანძარს, ეს არ იყო სწორი. შრომის გადანაწილება არ გაკეთდა სწორად. მთავრობას ეჭირა ხელში ბარი და თვითონ იყო მეხანძრე. სინამდვილეში ასე არ უნდა იყოს, უნდა არსებობდეს სამსახური, რომლებიც უნდა აქრობდეს ხანძარს და ასევე უნდა აკეთებდეს პრევენციას - წინასწარ უნდა იცოდეს, სად რა შეიძლება მოხდეს. საქართველოს, რომელიც ხანძარსაშიში ქვეყანაა, როგორ შეიძლება შვეულმფრენები და თვითმფრინავები არ ჰყავდეს?!", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილი ამერიკელებს მადლობას უხდის მეხანძრეების ფეხსაცმელებით აღჭურვისთვის და ამავე დროს აცხადებს, რომ სამარცხვინოა, როცა ქართველი მეხანძრეები ფეხსაცმელების გარეშე იყვნენ, ხოლო მთავრობის წევრებს 4-4 ჯიპი ემსახურება.

ბერძენიშვილს არ აქვს იმედი, რომ ბორჯომის სტიქიაზე დაგვიანებული რეაგირების გამო პრემიერ-მინისტრი ვინმეს დაითხოვს.

"როდესაც ურემი გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება, მანამდე კი როცა ეუბნები, რომ ესა და ეს საჭიროა, გპასუხობენ, რომ ურემი ხომ არ გადაბრუნებულა და რა გეჩქარებათო. რეაგირება დაგვიანებულია, მაგრამ საქმეა გასაკეთებელი - ხალხია მოსახსნელი, ახალი კადრებია მოსაყვანი და გასაზრდელი. რა სამარცხვინოა, ფეხსაცმელები არ ჰქონდათ ჩვენს მეხანძრეებს. მადლობა ამერიკელებს რომ დაგვეხმარნენ, მაგრამ სირცხვილია, როცა მეხანძრეებს ფეხზე არ აცვიათ, მთავრობა კი 4-4 ჯიპით გადაადგილდება.

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებულია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ცვლილებები სწორად განხორციელდება იმიტომ, რომ არ მესმის, როგორ არ მოიხსნა პირველივე დღეს მინდია ჯანელიძე. ისევე როგორც არ მესმის, როგორ არის შინაგან საქმეთა მინისტრი მინისტრად აფგან მუხთარლის საქმის შემდეგ, ისევე როგორც არ მესმის, უშიშროების სამსახურში როგორ არიან იგივე კადრები მუხთარლის საქმის შემდეგ. იმიტომ ხდება ასე, რომ უფრთხილდებიან ერთმანეთს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"