"ყოველი დღე იმ იმედით თენდება, რომ მალე მომეცემა საქართველოში დაბრუნების საშუალება" - მხატვარი გიორგი ცინცაძე უცხოობაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ყოველი დღე იმ იმედით თენდება, რომ მალე მომეცემა საქართველოში დაბრუნების საშუალება" - მხატვარი გიორგი ცინცაძე უცხოობაში გარდაიცვალა

"მე ვარ გიორგი ცინცაძე. დავიბადე ქალაქ რუსთავში 1975 წელს, მუსიკალური და სამხატვრო განათლება არ მიმიღია... ჩემს პირველ შემოქმედებით წარმატებად შეიძლება ჩავთვალოთ 2013 წელს, ქალაქ მილანში გამართულ გამოფენაში, საქართველოს სახელით მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს 28 მხატვარს შორის ავიღე პირველი ადგილი. ამჯერად ვცხოვრობ და ვმუშაობ ამერიკაში. ყოველი დღე იმ იმედით თენდება, რომ მალე მომეცემა საქართველოში დაბრუნების და საყვარელი საქმის ჩემს ქვეყანაში გაგრძელების საშუალება...

დამავიწყდა წიგნზე მეთქვა, რომელზეც ვმუშაობ ამჟამად ეს იქნება ლექსების და მოთხრობების კრებული. არ ვიცი დასრულება სად მოუწევს აქ თუ საქართველოში..." - ასე გაეცნო ჩვენს მკითხველს რამდენიმე წლის წინ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი გიორგი ცინცაძე...

ოთხი დღის წინ კი, ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, 42 წლის მხატვარი მეგობრებმა ნიუ-იორკში, ბრუკლინში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მხატვრის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ამბობდა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა. 33 წლის იყო, როდესაც მწვანე ბარათი მოიგო და ასე გადასახლდა ამერიკაში, სადაც მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

უცხო გარემოში მოხვედრილ ადამიანში ერთბაშად იფეთქა სადღაც ქვეცნობიერში დალექილმა ხელოვნების სიყვარულმა და ნიჭმა და ასე აიღო ხელში ფუნჯი, თუმცა ეს უფრო გადატანითი მნიშვნელობით, რადგან ხატავდა ისე, რომ ტილოს არ ეხებოდა და ამას "სროლით ხატვას" ეძახდა. დაახლოებით ხატვის ამგვარი მანერის ერთ-ერთ ფუძემდებლად ამერიკელი მხატვარი ჯექსონ პოლოკი მიიჩნევა, რომელიც ნამუშევრებს საღებავის "დაწვეთებით" ან "დასხმით" ქმნიდა. მოგვიანებით, გიორგი ცინცაძემ "სროლით ხატვა", როგორც თავად ამბობდა, "დარტყმის" ტექნიკით, ხოლო აკვარელის საღებავები აკრილის სამშენებლო საღებავებით ჩაანაცვლა.

დავით კობახიძე, ამერიკაში მცხოვრები ქართველი, ნახატების უნიკალური კოლექციის მფლობელი:

- გიორგი ცინცაძეზე მხოლოდ საუკეთესო შემიძლია ვთქვა. სულ საქართველოზე მელაპარაკებოდა, ერთი სული ჰქონდა როდის წამოვიდოდა.

მისი ნიჭიერება გაოცებას იწვევდა... დაახლოებით 30 წელს გადაშორებული იყო, ერთ დღეს გაიღვიძა და თითქოს ღმერთმა ნიჭი დააბერტყა, იმ დღეს დაიწყო ხატვა და მუსიკის წერა და ორივე სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია... ეს თვითონაც ძალიან უკვირდა. მორწმუნე იყო და უფალს უმადლიდა ამ სასწაულს.

მილანში ჰქონდა პირველი გამოფენა და პირველი ადგილი აიღო. ნიუ-იორკში ჰქონდა პერსონალური გამოფენა. მისი ერთი ნამუშევარი ვაშინგტონში, საკონსულოშია გამოფენილი...

სოციალურ ქსელებში ახალგაზრდა ხელოვანის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმიანება...

მარიამ ფოფხაძე-შტილერი გერმანიიდან გვიზიარებს თავის გულისტკივილს:

- სულ თვალყურს ვადევნებდი გიორგის ნაწერებს და გამოფენებს! როგორი გულანთებული და თავის სამშობლოზე შეყვარებული ქართველი იყო. არაჩვეულებრივი მხატვარი... ბოლოს უჭირდა, მე როგორც ვიცი, ბინასაც ეძებდა. ალბათ ბევრი ინერვიულა, გული გაუსკდაო, ამბობენ.

"ფეისბუკის" მეშვეობით გავიცანი, მაგრამ უკვე ახლობლად მიმაჩნდა.…

თავიდან დიდი წარმატებით დაიწყო ამერიკაში მოღვაწეობა, მერე, თითქოს მიჩუმდა ეს ყველაფერი…

გიორგი ცინცაძემ რამდენიმე თვის წინ "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა:

"მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე სახის სახელმწიფო პროგრამა ემიგრაციაში მყოფი ხელოვანთათვის ხელის შესაწყობად? რათა მათ მიეცეთ შრომის და თვით რეალიზების საშუალება ქვეყნის სასარგებლოდ? თუ არსებობს ვინ ან რა სახელმწიფო უწყებას ევალება მსგავს შემთხვევებში რეაგირება და თუ არ არსებობს, რატომ არ არსებობს?"

გიორგი ცინცაძეს 1-ლ სექტემბერს სამშობლოში ჩამოასვენებენ...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)