"ჩაქუჩას" მეგობრებმა მოვახერხეთ ადვოკატისთვის საჭირო თანხის მოგროვება" - ავთანდილ ხურციძეს 8 სექტემბერს გაათავისუფლებენ?
"თუ მტკიცებულება მართლაც აქვთ, ადვოკატს რატომ ვერ აჩვენეს?!"
აშშ-ში, რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით დაკავებულმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში უნდა დატოვოს საპატიმრო. სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს გაიმართება და რადგან ბრალდების მხარეს დანაშაულის არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივის ადვოკატი და მეგობრები დარწმუნებული არიან, რომ "ჩაქუჩას" (ხურციძის ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) პატიმრობა სწორედ 8 სექტემბერს დასრულდება.
წესით, ხურციძის საქმის განხილვა აქამდეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბრალდების მხარის გარდა, პროცესის გაჭიანურებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ბრალდებულის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია და ავთანდილ ხურციძე ადვოკატისთვის საჭირო თანხის გადახდას ვერ ახერხებდა. მოკრივის მეგობრების დახმარებით, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია და რამდენიმე დღეში გასამართ სასამართლო პროცესს ხურციძის ადვოკატი მომზადებული და იმედიანი ხვდება.
ავთანდილ ხურციძის მეგობარი, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ყველანაირად უდგას გვერდში დაკავებულ მეგობარს. უახლესი ინფორმაციის გასაგებად, სწორედ მერაბს დავუკავშირდით:
- სამი თვეა, რაც ავთო პატიმრობაშია და დროა, მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს. სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს არის ჩანიშნული. ჩვენც და ადვოკატიც იმედიანად ვართ, ეჭვი აღარ გვეპარება, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
- რადგან ადვოკატი ახსენეთ, ჩანს, შეგიგროვებიათ მისთვის გადასახდელი თანხა...
- არაერთი თხოვნის მიუხედავად, "უცხო" არავინ დაგვხმარებია... თუმცა, საბედნიეროდ, "ჩაქუჩას" მეგობრებმა მოვახერხეთ ადვოკატისთვის საჭირო თანხის მოგროვება, გადავიხადეთ და ავთოს ინტერესების დამცველი უკვე მუშაობს ამ საქმეზე.
- არადა, იმედი გქონდათ, რომ "ჩაქუჩას" ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში უნდა დაეტოვებინა საპატიმრო...
- თავიდანვე იყო ამაზე ლაპარაკი, თუმცა, თავი შეიკავეს, რადგან ავთოს აშშ-ში არც ცოლ-შვილი ჰყავს და არც უძრავი ქონება აქვს. ბინა ახალი შეცვლილი ჰქონდა და როცა მისამართი ჰკითხეს, ბრუკლინში ვცხოვრობო - ზუსტი მისამართი და ბინის ნომერიც კი ვერ გაიხსენა (იცინის). ესეც საეჭვოდ მოეჩვენათ... თანაც, პროკურორი ირწმუნებოდა - გვაქვს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ხურციძე ერთ-ერთ პიროვნებას ხელს ურტყამსო. თუ მსგავსი მტკიცებულება მართლაც აქვთ, ადვოკატს რატომ ვერ აჩვენეს?! სხვათა შორის, საქმის მიმდინარეობით ისიც კმაყოფილია და გვეუბნება, რომ საქმის დახურვაზეც კი არის ლაპარაკი...
- სანდერსთან 8 ივლისს გასამართი საჩემპიონო ბრძოლა ავთოს დაპატიმრებისთანავე გაუქმდა... არის შანსი, ეს ორთაბრძოლა მაინც შედგეს?
- ადვოკატი გვარწმუნებს, რომ როგორც კი "ჩაქუჩა" საპატიმროს დატოვებს, აშშ-ის მასშტაბით ნებისმიერ ადგილას ექნება ბრძოლის გამართვის უფლება. ავთოც კარგად გრძნობს თავს. ის ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ადამიანია და შემართებით არის - გამართლებული გამოვალო! მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უთვლის... პრომოუტერებისგან რეალური დახმარება არ ყოფილა, თუმცა დაურეკეს და მოიკითხეს, - რომ გამოხვალ, მდიდრები გავხდებითო, დიდი შემოთავაზებები გვექნებაო... ასე რომ, ავთო ხურციძეს ვარჯიში ერთი დღითაც კი არ შეუწყვიტავს, თუმცა, ამას ფორმის შენარჩუნება უფრო ჰქვია - ციხეში სრულფასოვნად რომ ვერ ივარჯიშებს, ყველას მოეხსენება.
სხვათა შორის, ავთო აშშ-შიც იმიტომ ჩამოვიდა, სანდერსთან ბრძოლისთვის მაქსიმალურად კარგად რომ მომზადებულიყო, აქ ხომ საქართველოზე გაცილებით უკეთესი პირობები და სხვა დონის ვარჯიშებია. ამბობს - როგორც კი გამათავისუფლებენ, მალევე დამინიშნავენ ბრძოლას და აქტიურ მზადებას დავიწყებო...
რატი შელეგია (სპეციალურად საიტისთვის)