"ადვოკატის წყალობით ნარკოტიკის მომხმარებელიც გავხდი... ნეფარიძემ ცხოვრება დამინგრია" - კვირის პალიტრა

"ადვოკატის წყალობით ნარკოტიკის მომხმარებელიც გავხდი... ნეფარიძემ ცხოვრება დამინგრია"

25 აგვისტოს ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა. მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდარზე გაზეთი "კვირის პალიტრა" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთი ეპიზოდი ეთმობა ინტერვიუს ციხიდან.

სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში ახალგაზრდა ქალი, მაია დარსალია, წლებია სასჯელს იხდის. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და 2015 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა - უვადო სასჯელი ვადიანით შეუცვალა.

ის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და მისი ადვოკატი მაშინ ზურაბ ნეფარიძე იყო. პატიმარი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს ყოფილ ადვოკატს. მაია დარსალია "კვირის პალიტრას" ქალთა დაწესებულებიდან დაუკავშირდა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ნეფარიძე ჩემი ადვოკატი იყო და ცხოვრება დამინგრია. უდანაშაულოდ ნამდვილად არ დავუკავებივარ, მაგრამ სამუდამო პატიმრობა საშინელება იყო... ყველაფერი კი ასე მოხდა: ქალი, ვისაც წამალი მივყიდე, ზუგდიდში დააკავეს, მან მე დამასახელა და დაიწყო ძებნა. მე რეალიზატორსა და დიდ ბარიგას შორის შუამავალი ვიყავი.

ის დიდი ბარიგა მარნეულში გავიცანი. როცა გავიგე, ზუგდიდში ის ქალი დააკავესო, მაშინვე დავიმალე. ჩემზე ზეწოლა რომ მოეხდინათ, ჯერ ჩემს დას ჩაუდეს წამალი და დააპატიმრეს, მერე ჩემი მეუღლე. კარგა ხანს ძებნილი ვიყავი. როცა ოჯახის წევრების დაკავების ამბავი გავიგე, ადვოკატ ზურაბ ნეფარიძესთან მივედი და ყველაფერი ავუხსენი. მითხრა, ჯერ არ გამოჩნდე, პოლიციას მე თვითონ ჩაგაბარებ, როცა საჭიროდ ჩავთვლი, ახლა ფული მჭირდება შენი ქმრისა და დის დასახსნელადო. მეც მივენდე...

სხვა გზა არ მქონდა, გამაყიდვინა სახლი, მანქანა, ჩემი დის ბინა, ჩვენი ოქროული მიითვისა, 23.000 დოლარიც მივეცი... გაგვყვლიფა და მოტყუებული დაგვტოვა. ჩემების დაჭერის მერე წამალს ხელს როგორ მოვკიდებდი, მაგრამ ნეფარიძემ 10 გრამი წამალი მომთხოვა. მითხრა, გადასახდელი ფული არ გყოფნის და ნარკოტიკი მოიტანე ამ ფულის სანაცვლოდ, მერე ჩაგაბარებ პოლიციასო. ამიტომ გავრისკე, მაგრამ როცა მასთან წამალი მიმქონდა, დამაკავეს. მაშინ ვერ დავამტკიცე ჩემი სიმართლე. ვითხოვდი ჩემი და ზურაბ ნეფარიძის საუბრების ამონაწერს, მაგრამ ჩემი ადვოკატი ის იყო და ვინ დამეხმარებოდა?! მერე საქმეში სხვა ადვოკატი ჩავრთე, მაგრამ დაგვიანებული იყო, ვერ მოიპოვა მტკიცებულება. ფაქტზე დამაკავეს, წამლით, რომელიც მასთან მიმქონდა.

ეს ყველაფერი არ არის, ნეფარიძის წყალობით წამლის მომხმარებელიც გავხდი - მითხრა, წამალს თუ გაიკეთებ, შენი დაცვა უფრო გამიადვილდება, როგორც მომხმარებელს, ისე გამოგიყვან გარეთ ოთხ თვეში, სისხლში უნდა გქონდეს წამალი და გამოყვანა უფრო გამიიოლდებაო. მეც მისი რჩევით სამი თვე ცოტ-ცოტას ვიკეთებდი, მერე ისე მივეჯაჭვე, ვეღარ ვაზროვნებდი, რასაც მეუბნებოდა, ყველაფერს ვუჯერებდი. როცა ციხეში მოვხვდი და წამალს თავი დავანებე, მერეღა გავაცნობიერე, ამ კაცმა რაც გამიკეთა. ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან და როცა ვუთხარი ჩემი პრეტენზიები, მითხრა, რანაირად ლაპარაკობ, ვინმე გქოქავსო? უნდოდა, უაზრო ვყოფილიყავი და მაქსიმალურად გამოეძალა ფული. იმასაც ვფიქრობ, რომ მან დააჭერინა ჩემი თავი.

- ასე რატომ ფიქრობთ?

- რაც გამაჩნდა, ყველაფერი წამართვა, მერე აღარ ვჭირდებოდი და ეტყობა, სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ წამლით მივდიოდი მასთან. არადა, მან მთხოვა მიმეტანა და ადგილიც დამითქვა. მანამდეც ერთი პარტია მივუტანე, მაშინ მითხრა, ერთი ადვოკატია მომხმარებელი და იმისთვის მინდაო. მახსოვს, კიბე იყო ასასვლელი, მეორე სართულზე ჰქონდა ოფისი და იქ გადავეცი წამალი... ყველაფერზე მივდიოდი, ოღონდ ჩემიანები დამეხსნა. ვენდე უაზროდ და უტვინოდ და დღემდე ვიმკი ამ საშინელების შედეგს. ნეფარიძის მიზანი მხოლოდ ფულის შოვნა იყო. დაინახა, რომ არ ვიყავი გაქექილი და ყველაფერი გამომძალა. მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. საშინელება გადავიტანე, ვერ წარმოიდგენთ, რა განცდაა, როცა უვადო პატიმრობას გისჯიან, ნეფარიძეს კი წარბიც არ შეურხევია. საკანში მარტო ვიყავი გამოკეტილი.

იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია

თეა ხურცილავა