ხანძარი კახეთსა და აჭარაში - რა ვითარებაა ამ დროისთვის სტიქიის ზონებში? - კვირის პალიტრა

ხანძარი კახეთსა და აჭარაში - რა ვითარებაა ამ დროისთვის სტიქიის ზონებში?

ხულოში შავნაბადას მთაზე ხანძარი ადგილობრივებმა ორი დღის წინ, საღამოს შენიშნეს. სტიქიის ზონაში ხანძრის ოთხი კერა ფიქსირდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 500 მაშველი-მეხანძრე, პოლიციელი, სატყეო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები არიან ჩართული.

ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფება, რომელიც საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული და თურქული ვერტმფრენები ჩაერთვებიან. ქართულ ვერტმფრენს დაახლოებით ერთ საათში ელოდებიან.

რაც შეეხება თურქულ ვერტმფრენს, ის საქართველოში დღის მეორე ნახევარში ჩამოფრინდება.

"დღეს, დილის 06:00 საათიდან სამუშაოები განახლდა. სამაშველო სამსახურები სრულად არიან მობილიზებული. გუშინვე ოთხივე ლოკაციის იდენტიფიცირება მოხდა. ღამით ქარი არ იყო და დღეს მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. დღეს კარგი ამინდია, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ ხანძარს. ღამის განმავლობაში რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა ამოვიდა და მისი მეშვეობით ახალი გზები გაგვყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახანძრო მანქანები გაივლის და მეხანძრეებს ექნებათ საშუალება, რომ ტექნიკით ჩააქრონ ცეცხლი", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

რაც შეეხება კახეთში გაჩენილ ხანძარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში, სადაც შსს-ს ასობით თანამშრომელია მობილიზებული.

"ადგილზე ცეცხლის დაქრობით სამუშოებს აწარმოებს 3 ერთეული საჰაერო ტექნიკაც. თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში, ამ ეტაპზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, ცოცხალი ძალა ახორციელებს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით