რა გარემოებებმა აიძულა სომხეთი უარი ეთქვა საქართველოში დაგეგმილ ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე? - კვირის პალიტრა

რა გარემოებებმა აიძულა სომხეთი უარი ეთქვა საქართველოში დაგეგმილ ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე?

სომხეთმა ყოველგვარი ახსნა - განმარტების გარეშე, ფაქტობრივად, ბოლო წუთს გადაიფიქრა NATO-ს ზედიზედ მესამე სამხედრო წვრთნაში - "მებრძოლი სული - 2017"-ში მონაწილეობა, რომელმაც ამჯერად, სტარტი სამცხე-ჯავახეთში, ორფოლოს პოლიგონზე აიღო.

მრავალეროვნული სწავლება "მებრძოლი სული" (Agile Spirit) საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება და მასში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე პირი მონაწილეობს.

სომხეთის გადაწყვეტილებაზე სტატია გამოაქვეყნა სომხურმა გამოცემამ «Lragir», რომლის ავტორიცაა აკოფ ბადალიანი.

"სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ არტაგ ზაქარიანმა, კომენტარი გააკეთა რა საქართველოში დაწყებულ ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილოების თაობაზე სომხეთის უარზე, განაცხადა, რომ ერევანს საბოლოო თანხმობა მიცემული არ ჰქონდა და ამიტომ ჩვენს მიერ გაცხადებულ უარში უცნაური არაფერი არ არისო. მინისტრის მოადგილემ უარყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, თითქოსდა სომხეთის უარი წვრთნებში აზერბაიჯანის მონაწილეობამ განაპირობა. არტაგ ზაქარიანმა ისიც აღნიშნა, რომ სომხეთი გააგრძელებს «ОДКБ»-ის ("კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" რუსული აბრევიატურა) წევრობას.

მინისტრის მოადგილე მართალს ამბობს - 3-10 სექტემბერს დაგეგმილ ნატოს წვრთნებში მონაწილეობა სომხეთს ოფიციალურად არ განუცხადებია, მაგრამ ასევე არ უარყვია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამასწინანდელი განცხადება, რომ წვრთნებში სომხეთიც მონაწილეობსო, მით უმეტეს, რომ ამ განცხადებას სომხურ პრესაში საკმაოდ ბევრი პუბლიკაცია მოჰყვა.

შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ ის, რომ სომხეთი მართლაც გეგმავდა წვრთნებში ჩაბმას, მაგრამ ყველაფერი უეცრად შეიცვალა ბოლო მომენტში?

სხვათა შორის, ჩვენ ასე გავაკეთეთ 2009 წელსაც, როცა ბოლო მომენტში უარი ვთქვით ნატოს მაშინდელ წვრთნებზე. მაგრამ იმ დროს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და უარის მიზეზად "შექმნილი გარემოებები" დაასახელა. სინამდვილეში კი, როგორც ჩანს, იმ დროს მიზეზი ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავების ესკალაცია იყო, ხუთდღიანი ომიდან 9 თვის შემდეგ. ნატოს წვრთნების დაწყებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს არმიის ერთ-ერთ სატანკო ბრიგადაში ამბოხება მოხდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამბოხი ჩააქრო და განაცხადა, ყველაფერი რუსეთის ბრალიაო. შესაბამისად, თბილის-მოსკოვის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. სწორედ ამიტომ თქვა უარი მაშინ სომხეთმა წვრთნებში მონაწილეობაზე: ერევანს ან თვითონ არ სურდა კრემლის განაწყენება, ან კრემლმა ურჩია, მოეშვი მაგ წვრთნებსაო.

მაშინ ასე მოხდა, მაგრამ ახლა რა გარემოებებმა აიძულა სომხეთი უარის თქმაზე?

ზოგს მიაჩნია, რომ რუსეთ-აშშ-ის შორის ესკალაციის ახალი რაუნდი მწიფდება და სომხეთმა ამიტომ შეიკავა თავიო, მაგრამ განა ესკალაცია ერთი თვის წინ არ იყო, როცა სომხეთი თბილისთან ახლოს გამართულ წვრთნებში Noble Partners-ში მონაწილეობდა?

ან შესაძლოა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა იფიქრა, რომ საქართველოში გამართულ ორ წვრთნებში მონაწილეობა უკვე გადაჭარბებული იქნებაო? საინტერესოა, რა როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილებაში სოჭში გამართულმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრამ? გავიხსენოთ, რომ ერთი თვის წინათ, Noble Partners-ის დასრულების შემდეგ რუსულ პრესაში სომხეთის მოქმედების დამგმობი სტატიები გამოქვეყნდა, რომლებშიც ავტორები ამტკიცებდნენ - "არიქა, სომხეთი ხელიდან გვისხლტება, ნატოსაკენ იყურებაო". რატომ შეშფოთდნენ მოსკოვში?

ნიშანდობლივია ისიც, რომ რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა სომხეთში რიჩარდ მაილსმა განაცხადა - ამერიკას სურს დარწმუნდეს, რომ ერევანი გადაწყვეტილებებს სუვერენულ რეჟიმში იღებს და ამისათვის ვაშინგტონი მზადაა დამატებითი ინსტრუმენტები მისცეს სომხეთსო. ამ "ინსტრუმენტებში" აშშ-ის ელჩი, ალბათ, წვრთნებში მონაწილეობას გულისხმობდა. მაგრამ ახლა სომხეთმა "ინსტრუმენტებზე" უარის თქმით ამერიკის ელჩი ფაქტის წინაშე დააყენა.

თუმცა, სიტუაცია შეიძლება ასეც წარმოვიდგინოთ: პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მართლაც სუვერებული გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის გარეშე, მაგრამ ამით "რუსეთის ჩარევის" ილუზია შექმნა (ხომ ყველა ფიქრობს - აბა, თვითონ ამ ნაბიჯს როგორ გადადგამდაო!). შეიძლება ითქვას, პრეზიდენტი "რუსულ კვალს" კოზირად იყენებს პოლიტიკურ თამაშებში". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ