"ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მოქმედებისთვის ეპისკოპოსი ლეონიდე და რუსეთის პატრიარქი კირილე განკვეთას იმსახურებენ" - კვირის პალიტრა

"ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მოქმედებისთვის ეპისკოპოსი ლეონიდე და რუსეთის პატრიარქი კირილე განკვეთას იმსახურებენ"

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპისკოპოსი, მეუფე ლეონიდი იმყოფებოდა. ლეონიდი საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. ეპისკოპისისა და ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრაზე, განხილულ იქნა რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხი. ეკლესიის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. როგორ შეიძლება შეფასდეს რუსეთის გადაწყვეტილება, ცხინვალში ეკლესიის გახსნასთან დაკავშირებით, არის თუ არა ავტოკეფალური ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევა და რა უნდა იყოს ამაზე საქართველოს საპატრიარქოს პასუხი, ამაზე კომენატრი დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ვთხოვეთ:

- საეკლესიო სამართალი და წმინდა კანონები კატეგორიულად კრძალავენ ერთი ეპისკოპოსის მიერ მეორე ეპისკოპოსის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, ანუ ეპარქიაში (იგივე დიოცეზში) რაიმე სახის საქმიანობას ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. ხოლო ამგვარი რამ ფასდება, როგორც შეჭრა და ძალმომრეობა, რაც სრულიად დაგმობილია საეკლესიო კანონებით და ასეთი ქმდების ჩამდენი მღვდელმთავარი ხარისხიდან (წოდებიდან) განკვეთას ექვემდებარება. (იხ. მოციქულთა 35-ე კანონი, ეფესოს მესამე მსოფლიო კრების მე-8 კან.,ტრული კრების მე-20 კან., კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრების მე-2 კან., ანტიოქიის კრების მე-13 და 22-ე კან.)

კანონიკური განწესების, მოციქულთა და წმინდა კრებათა დადგენილებების მიხედვით ცხადია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ქვემდებარე ვლადიკავკაზის ეპისკოპოსი ლეონიდე და მისი მაკურთხებელი და დავალების მიმცემი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე განკვეთას იმსახურებენ, რადგან ეპისკოპოსი ლეონიდე ასრულებს თავისი პატრიარქის უკანონო მითითებას, როგორც სხვისი ეპარქიის (საქართველოს საპატრიარქოს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია) მიმტაცებლები და კანონიკური ქაოსის შემომტანნი წმინდა ეკლესიაში, რომელიც ეფესოს მესამე მსოფლიო წმინდა კრების ენით რომ ვთქვათ: "საზოგადო ვნების მატარებელია, ამიტომ ძლიერ მკურნალობას საჭიროებს, როგორც დიდი ზიანის მომტანი... ნურავინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით, საერო ქედმაღლობა; ნუ დავკარგავთ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იმ თავისუფლებას, რომელიც თავისი სისხლით ყოველი კაცის მხსნელმა უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოგვმადლა"(კანონი მე-8).

- მოსკოვის საპატრიარქო, ოფიციალურად აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ოკუპირებულ რეგიონებზე, თუმცა რეალურად კი სულ სხვა ნაბიჯებს დგამს. საეკლესიო სამართლის მიხედვით თუა შესაძლებელი რაიმე ტიპის სასჯელი და რა პასუხი შეიძლება გასცეს ამას საქართველოს საპატრიარქომ?

- ეს აღიარება არის ფიქტიური და უფრო თვალებში ნაცრის შეყრას ჰგავს და დროის მოგებას, ვიდრე პატიოსან სიტყვას, რადგან უკვე ოც წელზე მეტია მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავრები აკურთხებენ და ადგენენ მღვდლებს აფხაზეთის ეპარქიაში, აგზავნიან მირონს და ოდიკებს, ამჟამად აფხაზეთში მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული ათზე მეტი მღვდელი მოღვაწეობს, რომლებიც წირვა-ლოცვას ძირითადად რუსულად ატარებენ და სამღვდელო კურთხევებიც რუსი ეპისკოპოსებისგან აქვთ მიღებული (გარდა ორი მღვდელმსახურისა - მღვდელ ბესარიონ აპლია და იეროდიაკონი დავით სარსანია, რომლებიც საქართველოს ეკლესიის მიერ არიან ხელდასხმულნი წლების წინათ, თუმცა ესენიც სქიზმაში არიან გასულნი და მოსკოვის პატრიარქს მოიხსენიებენ წირვა-ლოცვაში).

ამდენად, მოსკოვის საპატრიარქოს ეს ორმაგი სტანდარტი ემსახურება დროის გაყვანას და აფხაზეთის და ცხინვალის ეპარქიების სრული დაპატრონებისათვის ნიადაგის მომზადებას. მსგავსი რამ გააკეთა რუსეთის საერო ხელისუფლებამ მოყოლებული 1992 წლიდან, როცა ის სიტყვით აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო საქმით საპირისპიროს აკეთებდა, რაც დააგვირგვინა 2008 წლის ოკუპაციით. ამგვარი საეკლესიო დაპირისპირებების ჟამს მიღებული წესია ევქარისტიული, ანუ თანაზიარებით და თანამწირველობით ერთობის გაწყვეტა, ვიდრე არ აღმოიფხვრება უსამართლობა და უკანონობა. მაგალითად, ამგვარი ვითარებაა ამჟამად ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის ყატარში არსებული ერთი სამრევლოს გამო, დაწყებული 2015 წლიდან დღემდე. ასევე ეს ბოლო თვებია ანალოგიური ვითარებაა იერუსალიმისა და რუმინეთის საპატრიარქოებს შორის, მიზეზი რუმინეთის საპატრიარქოს მიერ წმინდა მიწაზე ტაძრის უნებართვო მშენებლობაა. ევქარისტიული კავშირი ორი თვის განმავლობაში გაწყვეტილი იყო თვით კონსტანტინოპოლის და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის ესტონეთის ეპარქიაზე დავის გამო 1996 წელს.

- რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა რა შედეგებს მოიტანს საქართველოს ეკლესიისთვის?

- რა თქმა უნდა, უპირველესად რუსეთი დასვამს თავის ეპისკოპოსებს სოხუმში და ცხინვალში, თუმცა როგორც ეს აღვნიშნე, ეს რეგიონები ისედაც მიტაცებულია რუსული ეკლესიის მიერ და იმ ქალაქებში რუსეთის ეპისკოპოსები ისხდებიან თუ არა, ჩვენთვის არსებითად არაფერი იცვლება, რადგან ცხინვალს - ვლადიკავკაზის რუსი ეპისკოპოსი, ხოლო აფხაზეთის ეპარქიას - მაიკოპისა და ადიღეს რუსი ეპისკოპოსი ისედაც განაგებენ. ამის გარდა, შესაძლებელია თბილისში არსებული ორი რუსული ტაძრის (ვერის იოანე ღვთისმეტყველის და ალექსანდრე ნეველის) რუსი მრევლიც აგვიჯანყონ და განუდგენენ საქართველოს საპატრიარქოს და მოსკოვის პატრიარქს დაემორჩილონ, ასევე პეტერბურგსა და მოსკოვში არსებულ მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებულ ორ ქართულ ტაძარს შეუქმნან არსებობის პრობლემები. თუმცა, ვფიქრობ, ეს რისკები ძალიან უმნიშვნელო ზიანის მომტანია საქართველოს ეკლესიისათვის, იმასთან შედარებით, რასაც ისედაც უკვე აკეთებს მოსკოვის საპატრიარქო ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ.

სამაგიეროდ ჩვენც გვაქვს დიდი ზემოქმედების ბერკეტი: ესაა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, რომელსაც უკრაინელი სამღვდელოების დიდი ნაწილი 1918 წლიდან მოყოლებული მოითხოვს.

ეს ბიძგს მისცემდა სხვა მოძმე ავტოკეფალური ეკლესიების მიერ უკრაინის ავტოკეფალიისათვის მებრძოლი ეკლესიის აღიარებას და კანონიკურ ცნობას, რაც ზოგადად ფერხდება მოსკოვის საპატრიარქოსგან მომდინარე დიდი ზეწოლის შედეგად. ჩვენი მხრიდან მოსკოვის საპატრიარქოსთან ევქარისტიის გაწყვეტა უნდა გახდეს მიზეზი ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ გაფართოებული კრების მოწვევისა, სადაც დადგება საკითხი მოსკოვის საპატრიარქოს ამ და სხვა მრავალ უკანონობათა გასამართლებისა და შეფასების. მთლიანობაში, რუსეთის საპატრიარქოს ანტიკანონიკური და თავხედური ქმდებები უნდა გახდეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სამსჯელო საკითხი და სინოდმავე უნდა გადაწყვიტოს თუ როგორი კანონიკური ქმდებებით უნდა გაეცეს პასუხი მათ.

- ჩვენში გამოითქმის ხოლმე ეჭვები, რომ საქართველოს საპატრიარქოზე, გავლენა აქვს, როგორც რუსეთის ეკლესიას, ისე რუსეთის სპეცსამსახურებს...

- ზოგადად, რუსულ ეკლესიას ყველა ავტოკეფალურ ეკლესიაში ჰყავს მეტ-ნაკლები სიდიდით დასაყრდენი. კრემლის შესაბამისი სამსახურები ამაზე ათწლეულებია უკვე ზრუნავენ და არცთუ უშედეგოდ. მაგრამ 2016 წელს შემდგარმა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა გაერთიანებულმა დიდმა და წმინდა კრებამ აჩვენა, რომ მთლიანობაში მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციები მსოფლიო ეკლესიაში არცთუ ძალიან ძლიერია. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს ყოველთა თანა და მოგვცეს მშვიდობა, სამართლიანობა და ერთსულოვნება! ამინ!

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)