მეუფე პეტრე "ციანიდის საქმის" განაჩენზე: "ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი" - კვირის პალიტრა

მეუფე პეტრე "ციანიდის საქმის" განაჩენზე: "ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი"

5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ, ასევე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა უფრო დაბალი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა.

განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი "ანტისახელმწიფოებრივად" შეაფასა.

"ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ფარისევლური განაჩენი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის თაობას და შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი, რომელიც მიუტევებელი ცოდვაა. შევახსენებთ, მათ საუბედუროდ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას ჩვენს ცხოვრებაში უფალი ამბობს და დაავიწყდათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მსაჯული არის ქრისტე ღმერთი. ეს არის სასამართლოს თვითმკვლელობა, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რამეთუ სახელმწიფოს თავისუფლება და ქვეყნის განვითარება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გადის. ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე დარჩა ზეწოლის და უსამართლობის მონად, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება", - განაცხადა მეუფე პეტრემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მეუფე პეტრეს შეფასებით, სასამართლო დაექვემდებარა ზეწოლას და ღირსეული სახე ვერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას.

"ჩვენ დღემდე არ გვინახავს სინანულის ნაბიჯი სახელმწიფოს მმართველობის პირველი პირებისა, რომლებიც უპრინციპოდ დებდნენ ბრალს და არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომლებმაც ცილი დასწამეს მამაოს დაკავებისთანავე და არ გადაუდგამთ არც ერთი ნაბიჯი სინანულისკენ. სასამართლო დაექვემდებარა მათ ზეწოლას და ღირსეული სახე ვერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

იხილეთ ასევე: "სასულიერო პირი თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა" - როგორ ეხმაურებიან ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენს?