რა გარანტიები მიიღო უკრაინის გენპროკურატურამ სააკაშვილის ექსტრადირების საქმეზე ქართული მხარისგან? - კვირის პალიტრა

რა გარანტიები მიიღო უკრაინის გენპროკურატურამ სააკაშვილის ექსტრადირების საქმეზე ქართული მხარისგან?

საქართველოს მთავრობამ უკრაინას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სერგეი პეტუხოვის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ გარანტია მისცა უკრაინის გენერალურ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნის მიზანი მის მიმართ პოლიტიკური მოტივით დევნა არ არის.

"უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქართული მხარისგან გარანტიები მიიღო, რომ პირი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ დანაშაულზე, რომელიც ექსტრადირების მოთხოვნაში ჩამოთვლილი არ არის. ასევე უკრაინის თანხმობის გარეშე ის არ იქნება გადაცემული მესამე სახელმწიფოსთვის და მასთან მიმართებაში დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები", - განაცხადა სერგეი პეტუხოვმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დავით კაკოიშვილი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას არც ერთი ევროპული ქვეყანა არ განახორციელებს, რის გამოც საქართველო უკრაინა სპეციალურად შერჩია. კაკოიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-უკრაინას შორის სააკაშვილის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს.

"როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობას არც ერთი ქვეყნისთვის არ მიუმართავს, გარდა უკრაინისა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნულ ქვეყნებს შორის ადგილი აქვს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს პოლიტიკური დევნა და ამ პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობა მიიღოს, როგორც საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, ისე უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა. ევროპულ ქვეყნებში ეს მოთხოვნები არ იგზავნება, რადგან ევროპული ქვეყნები საერთაშორისო კონვენციების მიხედვით არანაირ რეაგირებას არ მოახდენენ. ექსტრადირების შესახებ ევროპულ კონვენციაში პირდაპირ წერია, რომ ექსტრადირების დამაბრკოლებელი გარემოება არის ის, რომ თუ არსებობს საფრთხე, რომ პირი შესაძლოა გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იმ ქვეყანაში, რომელიც ითხოვს მის ექსტრადირებას, ამ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ მის დაკავებასა და გადაცემაზე იყოს საუბარი", - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით