"გიორგი მამალაძე ტლიკინისთვის ზის ციხეში" - კვირის პალიტრა

"გიორგი მამალაძე ტლიკინისთვის ზის ციხეში"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა რურუას შეფასებით, ე.წ. ციანიდის საქმე მთლიანად პოლიტიკურია, რადგან საქართველოს პროკურატურამ ვერ მოახერხა იმ მძიმე ბრალდების დამტკიცება, რასაც მამალაძეს ედავებოდნენ.

მისი განცხადებით, დამტკიცებული არ არის, რომ დეკანოზ მამალაძეს ციანიდი ეკუთვნოდა და რომ აღიშნული ნივთიერება მას დანაშაულის ჩადენისთვის სჭირდებოდა.

"გონივრულ ეჭვს მიღმა დამტკიცებული არ არის, რომ ეს ციანიდი გიორგი მამალაძეს ეკუთვნოდა და მეორე, რომ აღნიშნული ციანიდი მას დანაშაულისთვის სჭირდებოდა. ეს მთლიანად დაშლილი პოლიტიკური საქმეა. ამის მიზნები არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი ევროპაში ციხეში არ იჯდებოდა, ვინაიდან მას ვერ დაუმტკიცდა ის ბრალდება, რასაც ედავებიან. ვერ გეტყვით, ვის აწყობდა. მე საპატრიარქოს კარის ინტრიგებში მრჩევლად ვერ გამოგადგებით, მაგრამ ფაქტია, რომ გიორგი მამალაძე, ლაპარაკისთვის, ტლიკინისთვის ზის ციხეში", - აღნიშნა ნიკა რურუამ.

რურუას განცხადებით, საქმის სტრასბურგში გადაგზავნის შემთხვევაში, ევროპული სასამართლო მტკიცებულებებს არასაკმარისად მიიჩნევს იმისთვის, რომ მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"ბოლო მომენტში მოსამართლემ შეცვალა კვალიფიკაცია, რაც ძალიან საეჭვოა და რა მუხლითაც წარუდგინა ბრალდება, იმის მიხედვითაც კი არ ეკუთვნის მას პატიმრობა, რადგან დანაშაულის ჩადენის ელემენტები არ უმტკიცდება. ორი ინსტანცია წინ არის, შეიძლება განაჩენი შეიცვალოს", - განაცხადა ნიკა რურუამ.

იხილეთ ასევე: "სასულიერო პირი თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა" - როგორ ეხმაურებიან ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენს?

"ინტერპრესნიუსი"