მეუფე დიმიტრი: "ის, რომ პროკურატურასთან კითხვები მაქვს, არ ნიშნავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უცოდველია" - კვირის პალიტრა

მეუფე დიმიტრი: "ის, რომ პროკურატურასთან კითხვები მაქვს, არ ნიშნავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უცოდველია"

5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენი ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე პატრიარქის ძმისშვილმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ შეაფასა.

მეუფე დიმიტრის განცხადებით, დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილების დროს "მაინც და მაინც გამყარებული საკითხები ვერაფრით ვერ დავინახეთ".

მისი თქმით, სასამართლოზე დაკითხვის დროს იყო ერთგვარი ზეწოლა, რომ შორენა თეთრუაშვილის მიმართ შექმნილიყო "ეკლესიაში მისი მძლეთამძლეობის შთაბეჭდილება".

მეუფე დიმიტრის თქმით, მეუფე პეტრეს განცხადებებმა შორენას მძლეთამძლეობაზე, პროკურატურის წისქვილს დაასხა წყალი.

"სასამართლოზე დაკითხვის პერიოდში არაპირდაპირი მნიშვნელობით, იყო ერთგვარი მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ ზეწოლა იმისა, რომ შექმნილიყო ერთგვარი მოტივაცია ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე, რომ ის გარკვეულწილად წყვეტს ეკლესიაში საკითხებს, მას შეუძლია შეაჩეროს ადამიანის წინსვლა ან საერთოდ დააბრკოლოს და სხვა, რაზეც მე მათ განვუცხადე, რომ ეს შეურაცხყოფაა ეკლესიის, ეს შეურაცხყოფაა პატრიარქის, იმიტომ, რომ ეკლესიას მართავს სინოდი საეკლესიო დებულებით "პატრიარქისა თანაი". ასეა წესდებაში და იყო შემთხვევები წმინდა სინოდის სხდომების დროს, როცა მის უწმინდესობას ჰქონდა სურვილი, რომ ვინმეს კანდიდატს ასახელებდა მღვდელმთავრად, თუმცა ეს ვერ განხორციელებულა სინოდის წინააღმდეგობის გამო.

დღეს მოვისმინეთ ახალი ტერმინი - შურისძიება, რომ ეს შურისძიებით მოხდა. აქამდე ვისმენდით, რომ ეს იყო ანგარების მიზნით, მაინცდამაინც მყარი ვერ არის",- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

სასულიერო პირები და ოჯახის წევრები მეუფე დიმიტრის დეკანოზ გიორგი მამალაძის გაწირვაში სდებენ ბრალს, რაზეც მეუფეს პასუხი ასეთი: "ვერაფრით გავწირავდი, რადგან თუ უნდა გაწირო ადამიანი, უნდა იყო თანამონაწილე. მე არანაირი თანამონაწილე არ ვყოფილვარ ყოველივე ამისა. მამა გიორგისთან მქონდა ურთიერთობა. ამას ვერაფრით უარვყოფ, რადგან ის ჩვენი მღვდელმსახური გახლდათ".

"მამა გიორგისგან ციხიდან მივიღე ორი წერილი. ორივე წერილში ის განიცდის ერთ გარემოებას და მწერს, რომ ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ხშირად საქმის კურსში არ გაყენებდით იმ რაღაც საკითხებში, რომელსაც მე ვთვლიდი, რომ მე უნდა გადამეწყვიტა, ან ვფიქრობდი, რომ ამით გაწუხებდითო და სხვა. სასამართლოზეც მითხრა, რომ ჩემთან შეუთანხმებლად არაფერს არ აკეთებდა.

ამ წერილში მწერს, რომ თქვენ ხართ ადამიანობისა და ღირსების ეტალონიო. მე ვუთხარი, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეტალონებს ასე არ ექცევიან. როდესაც ის აცხადებს, რომ მას შორენა თეთრუაშვილი უკვეთავდა გველის შხამს თუ ციანიდს, და თუ ის ჩემთან ყველაფერს ათანხმებდა, რატომ არ მითხარით, რომ შორენა თეთრუაშვილი ასეთ რაღაცას უკვეთავდა?", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მისივე თქმით, პროკურატურასთან კითხვების არსებობის მიუხედავად, არ მიაჩნია რომ დეკანოზი უცოდველია.

"ის რომ მე გარკვეულწილად პროკურატურასთან კითხვები მაქვს, არ ნიშნავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უცოდველია. დეკანოზი გიორგი მამალაძე გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს".

მეუფე დიმიტრი გამორიცხავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის ან შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.

"მე ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რადგან მამალაძისა და პატრიარქის ურთიერთობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ვხედავდი, რომ მას უსაზღვროდ უყვარდა პატრიარქი. გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ასევე გამოვრიცხავ შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად აზრი აქვს დაკარგული თუ რატომ უნდა მომხდარიყო შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია. თუმცა, აქ უკვე მძიმე დღეში ვარ, რადგან ფაქტია, რომ ეს ადამიანი ეძებდა ციანიდს და ვიღაცაზე საუბრობს", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

იხილეთ ასევე: "სასულიერო პირი თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა" - როგორ ეხმაურებიან ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენს?

"ინტერპრესნიუსი"