"პასპორტისთვის არ დაუხედავს, ბიჭი გადმოხტა და ჩემთან სურათი გადაიღო, ეს შველის ევროპის ტერიტორიაზე" - კვირის პალიტრა

"პასპორტისთვის არ დაუხედავს, ბიჭი გადმოხტა და ჩემთან სურათი გადაიღო, ეს შველის ევროპის ტერიტორიაზე"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მის დასახვედრად, 10 სექტემბერს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის ჩასვლა იგეგმება, მათ შორის იულია ტიმოშენკოც იქნება. ამის შესახებ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.

"ძალიან ბევრი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეები, საზოგადოებისთვის ცნობილი ხალხი, ბევრი ჩვეულებრივი მოქალაქე, დნეპროპეტროვსკიდან, რომელიც აქედან მოშორებულია, ალბათ, 1500 კილომეტრით, ჩამოდის რამდენიმე ასეული ფერმერი, თავისი ტრანსპორტით, თვითონ ორგანიზებული, რათა დამხვდეს. დნეპროპეტროვსკის ისე შეეშინდა ხელისუფლებას, ხალხი ამ სიშორიდან მოდის ჩემს დასახვედრად, რომ ჩაატარა სპეციალური თათბირი დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის გუბერნატორმა და შეხვედრის სათაური იყო "სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გავლენა დნეპროპეტროვსკის ოლქში სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე და ჩვენი განმარტებითი სამუშაო მოქალაქეებთან". სად დნეპროპეტროვსკი, სად მე, სად უკრაინა-პოლონეთის საზღვარი?! რაღაც ძალიან უჩვეულო ხდება უკრაინაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ევროპარლამენტარებმა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე სპეციალური რეზოლუცია მოამზადონ.

იქნებიან თუ არა ევროპარლამენტარები მასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ არ გამორიცხავს: "ევროპარლამენტში დიდი მხარდაჭერა მქონდა იმ თვალსაზრისით, რომ მრავალმა ევროპარლამენტარმა გამოაქვეყნა განცხადება, პირდაპირი მიმართვა, რამდენიმემ დაურეკა პოროშენკოს. პლენარულ სესიაზე, რომელიც იხსნება სტრასბურგში 11-ში, რამდენიმე პარლამენტარი არის ჩაწერილი განცხადებით ჩემს საკითხზე".

უკრაინის საზღვარზე შესაძლო დაკავების შესახებ კითხვას, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ასე უპასუხა: "ჩემი დაკავების თემა არ არის ასეთი მარტივი თემა. მე უკრაინაში მილიონობით მხარდამჭერი მყავს, გაზვიადების გარეშე. ეს გამოჩნდა ამ დღეებშიც და წინა თვეებშიც. ერთია, რამდენი მოვა საზღვარზე და მეორე, რამდენი მიჭერს მხარს. მეორეც, ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ - მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ, მაგალითად, საქართველოში. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვინც ამას უბრძანებს (ამის ბრძანება შეუძლია მხოლოდ და მხოლოს პოროშენკოს), დაიჭერენ".

"საბჭოთა კავშირის დროს ყველას ჯარში გვიწვევდნენ და მეც გამიწვიეს ჯარში, ვმსახურობდი სწორედ უკრაინის საზღვარზე, აღმოსავლეთ მხარეს, სლოვაკეთთან და უნგრეთთან. მაშინ სოციალისტურ ქვეყნებში ასეთი გამაგრებები არ იყო, რაც ახლა სპეციალურად პოროშენკომ გააკეთა პირველად ისტორიაში, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე. იქ რამდენიმე დღის წინ ჩაიტანეს ძალიან ბევრი ახალ მესერი, მავთულხლართები, ჩაიყვანეს ბეტეერები, რაღაც სპეცტექნიკა, გააორმაგეს მესაზღვრეთა რაოდენობა, სპეციალური ჯგუფები გააგზავნეს კიევიდან, ისინი ემზადებიან ჩემს არგასატარებლად. მაგრამ მე მაქვს უფლება, ლეგალურად დავბრუნდე უკრაინაში, რადგან წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აღმოვჩდნი - მე არ მაქვს არც ერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი. საქართველოში მართვის მოწმობაც დავკარგე და არ მაქვს მართვის მოწმობაც კი. ახლა რომ მკითხოთ რამე ლეგალური დოკუმენტი მაქვს თუ არა?! - არ მაქვს, უკრაინის პასპორტით გადავადგილდები, რომელსაც ევროპაში აღიარებენ ჩემს სპეციალურ შემთხვევაში. ამერიკიდანაც გამომიშვეს ამ დოკუმენტით, მაგრამ ფორმალურად ეს დოკუმენტი გაუქმებულია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, ე.ი. მას არ აქვს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის უფლება, სააკაშვილმა განაცხადა: "პოლონეთიდან რომ მოვფრინავდი ბრიუსელში, პასპორტს ხომ აძლევ ავიაკომპანიას, პასპორტისთვის არ დაუხედავს, ბიჭი გადმოხტა და ჩემთან სურათი გადაიღო. ასე რომ, ეს შველის ევროპის ტერიტორიაზე", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"