"ნუთუ ჩემს შვილს საქართველოსთვის რაიმე ამაგი არ აქვს?" - რატომ გადაიდო ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი? - კვირის პალიტრა

"ნუთუ ჩემს შვილს საქართველოსთვის რაიმე ამაგი არ აქვს?" - რატომ გადაიდო ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი?

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის ივლისში, 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ხურციძის დედა გუშინდელი სასამართლო პროცესით იმედგაცრუებულია. მაყვალა ხურციძის განცხადებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ავთანდილ ხურციძეს სასამართლო გუშინ დარბაზიდან გაათავისუფლებდა, თუმცა პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გადაიდო.

როგორც მაყვალა ხურციძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მის შვილს სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს და შესაბამისად, მისი უდანაშაულობის დამტკიცება გაჭიანურდა. ამასთან მისი თქმით, ადვოკატის დაქირავება თავად მოუხდათ.

"ადვოკატის მომსახურება, რომელიც იმ ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირს, სამეგობროში აკრებილი ფულით მოვახერხეთ. ისე ვერ შევძლებდით ელემენტარულად ადვოკატის დაქირავებასაც კი. ნუთუ ჩემს შვილს საქართველოსთვის რაიმე ამაგი არ აქვს?" - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ „სახელმწიფო დაინტერესდება წარმატებული ქართველი სპორტსმენის ბედით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კარიერა განწირულია".

იხილეთ ასევე: "ჩაქუჩას" მეგობრებმა მოვახერხეთ ადვოკატისთვის საჭირო თანხის მოგროვება" - ავთანდილ ხურციძეს 8 სექტემბერს გაათავისუფლებენ?