"შორენამ საპატრიარქოში მკითხავი მიიყვანა და რაღაც ჯადოები აღმოაჩინეს... პატრიარქს უთხრა, რომ ამის ბრალი ყოფილა რაც ხდებოდა" - კვირის პალიტრა

"შორენამ საპატრიარქოში მკითხავი მიიყვანა და რაღაც ჯადოები აღმოაჩინეს... პატრიარქს უთხრა, რომ ამის ბრალი ყოფილა რაც ხდებოდა"

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე სკაიპით დაიკითხა და მისი ჩვენების რამდენიმე ფრაგმენტი "TV პირველმა" გუშინ გაავრცელა.

ჩვენებაში ოხანაშვილი გველის შხამის გარდა, საპატრიარქოში მიყვანილ მკითხავებსა და ერთ-ერთ ოთახში აღმოჩენილ გაურკვეველ ნივთებზე საუბრობს.

"მინდა მოგახსენოთ კიდევ მკითხავის მიყვანის შესახებ. ეს საპატრიარქოდან ჩემი წამოსვლიდან ერთ ან ორ კვირაში მოხდა. ზურაბ ბუჩუკურმა აღმიწერა ეს სიტუაცია, რომ მკითხავი მიიყვანა შორენამ საპატრიარქოში და იქ რაღაც ჯადოები აღმოაჩინეს. ამ ჯადოს აღმოჩენაში საინტერესო ის იყო, რომ სხვენში ნაპოვნი კარები გახსნეს "ბარგალკით", თუმცა მისი გასაღები სულ შორენას ჰქონდა. რატომღაც იმ დროს შორენას გასაღები არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, ბარგალკით გაიჭრა კარი. შევიდნენ ოთახში და იქ იპოვეს, რაღაც თოჯინა ნემსებით და ა.შ... პატრიარქს უთხრა, რომ ამის ბრალი ყოფილა რაც ხდებოდა და ახლა ყველაფერი დალაგდებაო", - განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება გველის შხამს, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, მას სასაცილოდ არ ეყო, როცა პატრიარქის მდივან-რეფერეტმა, წამლების დასამზადებლად გველის შხამის მოძიება სთხოვა.

"გველის შხამზე შორენას ჩემთვისაც აქვს ნათქვამი, რომ მას ეს სჭირდებოდა რაღაც წამლის დასამზადებლად. ამაზე ჩვენ დავცინოდით მას - ეს ხომ სასაცილოა?! ამაზე ვუთხარი - მე ახლა გველის შხამს ვერ ავიღებ და თუ გველს დავიჭერ, თავს წავაცლი და შხამი თქვენ გამოუღეთ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"