"მიეცით დიდებს დასვენების, ბავშვებს კი გართობის უფლება!" - კვირის პალიტრა

"მიეცით დიდებს დასვენების, ბავშვებს კი გართობის უფლება!"

მდინარე წავკისისწყალი ბაღს შუაზე ყოფს. მოასფალტებულ გზაზე ხევის მხარეს ბეტონის ნახევარი მეტრის სიმაღლის ფილებია ჩამწკრივებული. ფილები ერთმანეთისგან 20-30 სმ-ით არის დაშორებული, რაც ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისთვის

ბოტანიკურის ქუჩის დასაწყისში პატარა მოედანზე ათიოდე მანქანის გაჩერება თუ შეიძლება. პარკინგზე ადგილი არ არის, საავარიო შუქურ სიგნალიზაციას ვრთავ და ველოდები ადგილის განთავისუფლებას.

- აქ არ დატოვო მანქანა, აი, ის ტიპი სითი-პარკის თანამშრომელია, - მეჩურჩულება მოულოდნელად თავზე დამდგარი "სტაიანშიკი"."ვაკვირდები და მართლაც მანქანებს შუა ვიღაც მწევარივით სხარტად დაძვრება.

- აბა უყურე ამ ზედახორას, მაგათ ევაკუატორი აკლია, ისედაც გაჭედილია აქაურობა, ერთი ავტომანქანა უკვე წაიღეს...

- იმ ორ თავისუფალ ადგილზე რატომ არავინ დგას, რატომ არის დაკეტილი? შემიშვი, თუ ჩემი სიკეთე გინდა, - ვევედრები.

- მანდ ტაქსების გაჩერების ადგილია, არ გამოვა ეგ ამბავი... საერთოდ, ეცადე, რომ შაბათ-კვირას არ წამოხვიდე, ქორწილის მანქანების კოლონები დგას, ვერ უყურებ? - მანუგეშებს თავისებურად. მალე ჩვენს საუბარს რამდენიმე მოქალაქე უერთდება, სახეზე აწერიათ, რომ ერთ ბედქვეშ ვართ..."

- ტაქსებს ეგ ადგილი ვინ მოუზომა? ჩვენ რაღა ვქნათ, როდემდე უნდა ველოდოთ, იქნებ საღამომდე არ გათავისუფლდეს, ბავშვები გვყავს წამოყვანილი. შევალთ და საქარე მინაზე ტელეფონის ნომერს დავტოვებთ... დაგვირეკონ, ცოტა შეიწუხონ თავი, - ჩივიან მძღოლები.

მანქანების მეთვალყურე აშკარად უკმაყოფილოა, ბრაზს შორიახლოს გამოჩენილ ევაკუატორზე იყრის: - უკვე მეორედ მოვიდნენ ეს მტაცებლები... კაცო, წლების წინ ბოტანიკური ბაღის დამთვარიელებელი ასათიანის ქუჩიდან გვირაბით სარგებლობდა, მერე დაკეტეს, ახლა ამბობენ, ბაღის ადმინისტრაციას უნდა გადასცენო. აქ ამდენ მანქანას რა უნდა, ჰა?.. ჩიტის დასაფრენი ადგილი არ არის... გააჩერებენ და საღამომდე არ გამოდიან ბაღიდან, სხვაც ხომ ცოდოა, არა?"

საუბარში გამვლელი ერევა:

-"მართალია ეს კაცი, ბოტანიკური ას ჰექტრამდეა, განა რა გახდა ერთი ნორმალური მისასვლელის გამოძებნა!"

როგორც იქნა, ადგილი გამოჩნდა, მანქანა დავაყენე და ფეხით შევუდექი ბოტანიკურის ქუჩის აღმართს. აქ უარესი მდგომარეობაა. ჭიშკრებთან მიყენებული მანქანები ისედაც ვიწრო გზას გაუვალს ხდიან.

ბაღის შესასვლელთან მანქანების ტევა არ არის. რესტორნებსა და სასტუმროებს თავიანთი პარკირების ადგილი დაჯავშნილი აქვთ დამცავ-გამაფრთხილებელი ნიშან-აბრებით. ვინც მეთვალყურეს არ უჯერებს და მაინც ლამობს ბაღთან ამოსვლას, უკანსვლით დაბრუნება უწევს, რაც კიდევ ახალ დაბრკოლებას ქმნის.

ჯუმა მეჩეთთან ხალხი ბუზივით ირევა. მთელ ამ ორომტრიალს როგორღაც თავს ვაღწევ და ბაღში შევდივარ.

- იშვიათად შეხვდებით ციხესიმაგრისა და ბაღის ასეთ ორიგინალურ ნარევს, ძველეგვიპტურ მთაზე დაკიდებულ ბაღებს ჰგავს, ასე გვგონია, ჩინეთის დიდ კედელზე დავდივართ, ოღონდ ზოგიერთ ადგილას მებაღის ხელი აკლია."რამდენიმე ადგილას დაზიანებული გვირაბის ჩასასვლელი და პატარა გამოქვაბული ვნახეთ... ნახევრად დანგრეულ სარდაფებსაც წავაწყდით, სამწუხაროდ, შესასვლელები დაკეტილია, - მიყვებიან ტურისტები ჩიქორთული ქართულით.

- "ყველაზე მეტად ეს ჯებირები გვაწუხებს, ბავშვებისთვის ხელი ვერ გაგვიშვია, - წუხან დამთვალიერებლები. მართლაც, მდინარე წავკისისწყალს, რომელიც ბაღს შუაზე ყოფს, რამდენიმე ასეულ მეტრზე მოასფალტებული გზა ასდევს. ხევის მხარეს კი ბეტონის ნახევარი მეტრის სიმაღლის ფილებია ჩამწკრივებული. ფილები ერთმანეთისგან 20-30 სმ-ით არის დაშორებული, რაც ერთგვარ საფრთხეს უქმნის ბავშვებს. მდინარეზე ხიდის მოაჯირიც და ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის ჯებირიც არ არის საიმედოდ შეკრული.

- უპირველესად ხალხის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე უნდა იზრუნონ. უბრალო ხალხმა რა ქნას, ვინც ვერაფრით დააღწია თავი ზაფხულის ხვატს? მიეცით დიდებს დასვენების, ხოლო ბავშვებს გართობის უფლება! ფილების გადაბმას და სიმაღლის მომატებას ხომ მილიონი არ უნდა. მოაჯირებიც და კიბეებიც გასამაგრებელია. ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიყვანთ ბავშვებს. გაერთობიან კიდეც და ბევრ რამეს ისწავლიან, ბუნებას შეიყვარებენ და მოუფრთხილდებიან, - მეუბნება სოლოლაკელი სოლომონ დათუაშვილი და შვილიშვილებს ციყვებთან და კუებთან სათამაშოდ ბაღის სიღრმეში ეპატიჟება...

კახა მჭედლიშვილი