გიორგი კეკელიძე: "ძალას არ დავიშურებ, რომ ია კარგარეთელი ფართო მასებს გავაცნო" - კვირის პალიტრა

გიორგი კეკელიძე: "ძალას არ დავიშურებ, რომ ია კარგარეთელი ფართო მასებს გავაცნო"

ია კარგარეთელი: "ბედნიერი ვიყავი, როდესაც გიორგი კეკელიძემ მითხრა რომანის წაკითხვის შემდეგ, არ ვნანობ შენს მენტორობასო. რჩევა, რომელიც გავითვალისწინე, ძირითადად, დიალოგებს ეხებოდა. ერთობლივად შევარჩიეთ სათაური: "სხვა უდაბნოს საიდუმლო". ჩემი მენტორი აღმოჩნდა მეგობრული, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი"

"იმედი ახალგაზრდებისა და საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი, ნიჭიერი მწერლებისთვის" - ასე აფასებს მწერალი გიორგი კეკელიძე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სახალხო პროექტს - "გახდი ბესტსელერის ავტორი". მას შემდეგ, რაც კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა და ახალბედა ავტორებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი შემოქმედება საზოგადოებისთვის გაეცნოთ, გიორგი კეკელიძე კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის, ია კარგარეთელის მენტორი გახდა და მას, გამოცდილების გაზიარებით, უფრო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში ეხმარება. მწერალი დარწმუნებულია, რომ ია სამწერლო კარიერაში პირველი ნაბიჯებით მალე მილიონობით მკითხველის გულს მოინადირებს.

გიორგი კეკელიძე, მწერალი: "პალიტრა L"-ის მართლაც სახალხო პროექტი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია.

უპირველესად, პროექტმა თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია წაახალისა და რაც მთავარია, მწერლებს, რომელთა სახელიც მკითხველს ჯერ ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ მომავალში მის გულს აუცილებლად დაიპყრობს, წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მისცა.

იმედის ნაპერწკალი გაუღვივა არა მხოლოდ კონკურსის გამარჯვებულებს, არამედ მათაც, ვინც თვლიდა, რომ ახალბედა მწერლებისთვის პრივილეგიების გარეშე ყველა კარი ჩარაზულია. ანუ გამომცემლობამ მოახერხა იმ სტერეოტიპის შეცვლა, რომელიც წლების განმავლობაში მკვიდრდებოდა და დაგვარწმუნა, რომ წარმატების მისაღწევად მთავარი ნიჭი და მცირეოდენი გამბედაობაა.

- რამდენად ნიჭიერია ია კარგარეთელი, რომლის მენტორიც თქვენ ხართ და ლიტერატურულ სივრცეში დასამკვიდრებლად პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებით?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, ლიტერატურული მოვლენების საქმის კურსში ვიყო და პროცესებს ვაკვირდებოდე, აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მქონდეს.

როდესაც პროექტში მენტორის სტატუსით მონაწილეობა შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი - ასეთ ლიტერატურულ მოვლენას ნამდვილად ვერ დავაკლდებოდი. გამიმართლა, რომ ია კარგარეთელის მენტორი გავხდი, თუმცა კლასიკური გაგებით, მენტორი არ ვარ - მე და ია რაღაცებს ერთმანეთისგან ვსწავლობთ, რადგან ის მისტიკური რეალიზმის მიმართულებით უკვე ჩამოყალიბებული მწერალია.

იას რომანი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. შესაძლოა, ნაწარმოები ბევრისთვის ბანალურ თემაზე - სიყვარულზეა, თუმცა ია იმდენად დინამიკურად ჰყვება სიუჟეტს, წიგნის წაკითხვის შემდეგაც მისი გავლენისგან თავის დაღწევა გამიჭირდა.

დარწმუნებული ვარ, მკითხველსაც მოეწონება. ვფიქრობ, მხოლოდ ია კარგარეთელის რომანიც კმარა, რომ გამომცემლობამ პროექტი გააგრძელოს, მე კი ძAალას არ დავიშურებ, რომ ია საზოგადოებას გავაცნო.

ია კარგარეთელი, კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული: - გამიმართლა, რომ ჩემი მენტორი გიორგი კეკელიძეა - ადამიანი, რომელსაც წერის თავისებური სტილი აქვს და მის შემოქმედებაში გულახდილობა იგრძნობა. ის არ მომიდგა, როგორც დამწყებ მწერალს, რომელსაც ჭკუა უნდა დაარიგო, არამედ როგორც კოლეგას, თანამშრომელს. ბედნიერი ვიყავი, როდესაც მითხრა რომანის წაკითხვის შემდეგ, არ ვნანობ შენს მენტორობასო. რჩევა, რომელიც გავითვალისწინე, ძირითადად, დიალოგებს ეხებოდა. შემდგომში ჩემი მენტორის რჩევით გადავწყვიტე, რომანისთვის სათაური შემეცვალა, რადგან "უზრიული ღაზალი" მხოლოდ არაბისტებმა იცოდნენ, რას ნიშნავდა. ერთობლივად შევარჩიეთ სათაური: "სხვა უდაბნოს საიდუმლო". ჩემი მენტორი აღმოჩნდა მეგობრული, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი. უკვე დასრულებულია წიგნის ყდა, რომელზეც მხატვარმა ქეთი მატაბელმა იმუშავა.

რუსუდან შელია