ჩეჩნეთის ხელისუფლება სტალინის ძეგლების აკრძალვას მხარს უჭერს? - კვირის პალიტრა

ჩეჩნეთის ხელისუფლება სტალინის ძეგლების აკრძალვას მხარს უჭერს?

ჩეჩნეთის ხელისუფლება იაროსლავის ოლქში სტალინის ძეგლების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარს უჭერს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურისთვის გახდა ცნობილი. გამოცემამ მოიპოვა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სულთან ტაგაევის ხელმოწერილი წერილი.

2017 წლის მარტში იაროსლავიის დეპუტატებმა - სერგეი ბალაბაევმა და ვასილი ცეპენდამ პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ოლქის ტერიტორიაზე აიკრძალებოდა სტალინის ხსოვნის უკვდავყოფა. უკვდავყოფის დოკუმენტში გულისხმობდნენ ძეგლების, ბიუსტების დადგმას, ქუჩებისთვის სტალინის სახელის მინიჭებას, მედიაში სტალინის ფოტოებისა და მისი ისტორიის გავრცელებას.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში მთავრობის ადმინისტრაციიდან იაროსლავის ოლქში შემდეგი შინაარსის წერილი გააგზავნეს: "ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოები, მადლიერნი ვართ ამ ინიციატივისთვის და იაროსლავის ოლქში მხარს დავუჭერთ კანონპროექტს. გვახსოვს, მოსახლეობა, რომელიც გახდა სტალინის რეპრესიების მსხვერპლი",- წერია წერილში.

ჩეჩნეთის ხელისუფლების მხრიდან ეს წერილი 26 აპრილს გაიგზავნა, თუმცა ჯერ კიდევ წინა დღეს, რეგიონულმა პარლამენტმა კანონპროექტის მიღებაზე უარი თქვა. კენჭისყრის დროს, კანონპროექტს მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგი იყო, 18-მა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

კანონპროქტის ავტორები გამოდიან ახალი ინციატივით, რომ მსგავსი კანონი მთელი რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელდეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" კადიროვმა ჩეჩენი ხალხის დეპორტაციის გამო სტალინი და ბერია დაწყევლა.

"72 წლის წინ, იოსებ სტალინმა იძულებით გადაასახლა ჩეჩენი და ინგუში ხალხი. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ლავრენტი ბერია. დაე, სამუდამოდ იყვნენ ისინი დაწყევლილები", - დაწერა კადიროვმა. (წყარო)