"დედას დაურეკა, ჩემს ძმას მიხედე, მე ასეთი ცხოვრება ავირჩიეო" - რას ჰყვებიან ბიჭზე, რომელმაც "საქართველოს ბანკში" თავი მოიკლა - კვირის პალიტრა

"დედას დაურეკა, ჩემს ძმას მიხედე, მე ასეთი ცხოვრება ავირჩიეო" - რას ჰყვებიან ბიჭზე, რომელმაც "საქართველოს ბანკში" თავი მოიკლა

12 სექტემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში იარაღის მუქარით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი შეიჭრა, რომელიც როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას დანებებულიყო და ცეცხლსასროლი იარაღით თვითმხილველების თვალწინ მოიკლა თავი.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა გარდაცვლილის ვინაობა და ახალი დეტალები მის შესახებ. მამაკაცი 1987 წელს დაბადებული ა.ბ-ა, რომელიც წარმოშობით ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან იყო და თბილისში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ის სწორედ წერეთლის გამზირზე ცხოვრობდა ქირით.

როგორც გარდაცვლილის თანასოფლელები ამბობენ, სოფელში მხოლოდ ბიჭის დედა ცხოვრობს, მას მამა წლების წინ გარდაეცვალა, დაღუპულის ძმა კი სამუშაოდ საზღვარგარეთაა წასული.

AMBEBI.GE-სთან საუბარში თანასოფლელი აცხადებს, რომ ბანკის შენობაში მყოფმა ახალგაზრდამ, თვითმკვლელობამდე ბოლო ზარი დედასთან განახორციელა.

"დაურეკა დედას და უთხრა, ჩემ ძმას მიხედე, მე ასეთი ცხოვრება ავირჩიე, კარგად იყავითო. გაუთიშა ტელეფონი, მერე აქედან ურეკავდნენ და არავის აღარ აუღია იმის შემდეგ", - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

მეზობლებს, გარდაცვლილის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, და ვერც იმის შესახებ საუბრობენ, საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა მას იარაღი, რომლითაც თავი მოიკლა. ახალგაზრდა მამაკაცს მეზობლები და ოჯახის ახლობლები დადებითად ახასიათებენ და იმასაც ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

"ცოტა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა... იქაც ტყუილად შევიდა, მე ეგრე მგონია. ბავშვობაში ვერ ჰქონდა ფსიქიკა კარგად, მკურნალობდა, მერე რა მოხდა არ ვიცი. სამუშაოდ წავიდა უცხოეთში, ვერ იმუშავა. მერე ჩამოვიდა და თბილისში წავიდა, და იქ რას აკეთებდა არც ის ვიცით" - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი. გაგრძელება