"დაკრძალვისას სოფელში მანქანების დიდი კოლონა შემოვიდა" - თემურ მახაური პანკისის ხეობაში დაკრძალეს? - კვირის პალიტრა

"დაკრძალვისას სოფელში მანქანების დიდი კოლონა შემოვიდა" - თემურ მახაური პანკისის ხეობაში დაკრძალეს?

საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიევში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს"დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლემა, თამარ მარგოშვილმა განუცხადა, თემურ მახაური საქართველოში, სავარაუდოდ, 12 სექტემბერს ჩამოასვენეს და იმავე დღეს დაკრძალეს.

მარგოშვილის განმარტებით, ინფორმაცია ადგილობრივებზე დაყრდნობით აქვს.

"სოფელ დუისის მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ პაპასკირი აღნიშნულ სოფელში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. კვირის რომელ დღეს იყო დანამდვილებით, ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, სამშაბათს ჩამოასვენეს და ამავე დღეს დაკრძალეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაკრძალვისას სოფელში მანქანების დიდი კოლონა შემოვიდა", - განაცხადა თამარ მარგოშვილმა.

ასევე, დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივების ინფორმაციით, თემურ მახაურს სოფელ ყვარელწყალში სახლი აქვს, თუმცა პირადად მან ამის თაობაზე დანამდვილებით არ იცის.

"ოჯახი, როგორც ამბობენ თბილისში ჰყავდა. ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ოჯახთან, ამასთან დაკავშირებით ნამდვილად არაფერი ვიცი", - განაცხადა თამარ მარგოშვილმა.

კიევში აფეთქება, რომელსაც თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი ემსხვერპლა, 9 სექტემბერს მოხდა.

იხილეთ ასევე: "ერთი ვერსიით, ის სააკაშვილის ერთგული იყო და უკრაინის სპეცსამსახურებმა მოიშორეს"

"ინტერპრესნიუსი"