"ფილოსოფოსი" პრეზიდენტი, პლეხანოველი მარინა და "ჯარისკაცის მამა" ქუთაისურად - კვირის პალიტრა

"ფილოსოფოსი" პრეზიდენტი, პლეხანოველი მარინა და "ჯარისკაცის მამა" ქუთაისურად

"ყველა ბავშვს ეკითხებოდნენ, ვინ არის ყველაზე ცუდი ბავშვი სკოლაშიო და ყველა ყვიროდა, გიორგი მარგველაშვილიო"

დღეს 15 სექტემბერია და ჩვენმა მოზარდმა თაობამ ძირითად "სამსახურს" - სკოლას მიაშურა. სიმართლე გითხრათ, ამ ახალგაზრდების ადგილზე ყოფნას დიდად არ ვისურვებდი, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში მათ საკუთარ თავზე არაერთი უაზრო ექსპერიმენტი გამოსცადეს, თუმცა ქართული განათლების სისტემის ავკარგიანობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ დღეს მკითხველს, ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების "სასკოლო თავგადასავლებს" გავაცნობ.

თავდაპირველად ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტით, გიორგი მარგველაშვილით დავიწყოთ. ბატონი გიორგი დიდი პოლიტიკით ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესებულა.

"როცა სკოლა დავამთავრე, 1986 წელს, ეროვნული მოძრაობა უკვე დაწყებული იყო, რაღაც ასოციაცია გვქონდა შექმნილი და მაშინ ინტერვიუებსაც იღებდნენ ჩემგან. 17 თუ 18 წლის ვიყავი, რომ ვთქვი, სკოლასთან და მასწავლებლებთან არანაირი შენიშვნა არ მქონდა–მეთქი და ახლაც იმავეს ვიმეორებ. სკოლა ძალიან მიყვარდა. მამაჩემი პროფესიით ინჟინერია. ერთი პერიოდი სირიაში მუშაობდა და იქაურ სკოლაში ერთი წელი ვისწავლე. რუსული სკოლა იყო და ყოველ პარასკევს ე.წ. "ლინეიკაზე" გავყავდით ხოლმე. იმ დღეს ყველა ბავშვს ეკითხებოდნენ, ვინ არის ყველაზე ცუდი ბავშვი სკოლაშიო და ყველა ყვიროდა, გიორგი მარგველაშვილიო. მაშინ კომუნისტების დრო იყო. ერთი ლეონიდ ილიჩის სახელს ყვიროდნენ ასე და მეორეს – ჩემსას, მაგრამ მაშინაც არ მქონდა პრეტენზია".

ბატონ დავით საგანელიძეს კი ქეიფი და კარგი დროსტარება სიჭაბუკის ასაკიდან ჰყვარებია.

"სუფრასთან მოლხენა მართლა მიყვარს. ქეიფზე ცეკვაც "მოსულა" და სიმღერაც, აბა, როგორ!.. პირველი დალევა კი... ეს დღე არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან.

მოკლედ, პირველი ჩემი დათრობა კარგად მახსოვს: ბიჭები მეგობართან შევიკრიბეთ სახლში – ფიზიკაში უნდა გვემეცადინა. ალბათ, მეშვიდე კლასში ვიქნებოდით. გავიხედეთ, ამ ჩვენმა ძმაკაცმა კონიაკის ბოთლი გააძრო. კარგად გეახელით და მართლა არ მახსოვს, იქიდან როგორ წამოვედი, სახლში როგორ მივედი, საწოლს როგორ მივაგენი. ყველაფერი საშინელება მე დამემართა, გონზე არ ვიყავი. ეს პირველი დათრობისას იყო, თორემ ახლა დალევასაც ვირგებ, თამადობასაც "ვქაჩავ" და მოლხენასაც კარგად ვახერხებ ჭიქით ხელში".

გახსოვთ ალბათ თბილისის კოლორიტი - პლეხანოველი მარინა. მარინა სკოლის მოსწავლეების აქტიური მეგობარი გახლდათ.

ყოფილი პარლამენტარი კობა ამირხანაშვილი იგონებს.

"კარგად ვიცნობდი მარინას. ახალგაზრდობაში მართლა ლამაზი ქალი იყო. მერე ვიღაც კაცმა შეაცდინა და ტყუპი ბიჭებიც ეყოლა მისგან. ამის მერე ფსიქიკა ცოტა შეელახა, თორემ ისე, საღი აზროვნება ჰქონდა, ბევრს "გადაუჯოკრავდა". მერე დაიწყო დალევა და ბოჰემური ცხოვრება. უნდა გენახათ, ისე ატრიალებდა ჭიქას ორი თითით, რომ წვეთი არ ეღვრებოდა იქიდან. გამგები და კაი გულის ქალი იყო, საწყალი. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და მივსეირნობთ კინოში. ამ დროს მარინა "გამეჩითა". შორიდანვე მომაძახა, "ვა, კობა-ჯან, საღოლ, რა კარგი გოგო დაგითრევია". კარგად მომისმინე, რასაც გეტყვი, პირველი შვილი ბიჭი გეყოლება და გიორგი დაარქვიო. გავიდა რამდენიმე თვე და მართლა არ ახდა მარინას წინასწარმეტყველება?! ბიჭი მეყოლა და გიორგი დავარქვი. სიცოცხლის ბოლო წლებში მარინა დადიანის ქუჩაზე იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. არ არსებობდა, ქალაქელ კაცს იქ მანქანით გაევლო და თუ მართლა ჯიბეში ფული ჰქონოდა, მარინასთვის არ მიეცა. მარინა იმ ფულით ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა - უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარებოდა. მიდიოდა იქ და ბოლო კაპიკამდე ასეთ ბავშვებს აძლევდა ფულს. მან რამდენიმე ოჯახი გადაარჩინა შიმშილს. მოკლედ, ჯიგარი ქალაქელი ქალი" ბრძანდებოდა".

მოგეხსენებათ, რომ ქუთაისელები იუმორის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან. ამის ნათელ დადასტურებად ქვემოთ მოყვანილი სახალისო მოგონებაც გამოდგება, რომელსაც ახლო წარსულში საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა სანდუხაძე მოგვიყვება.

"ის სკოლა დავამთავრე, რომელიც - ბატონმა რეზო ჩხეიძემ. სკოლაში გადაწყვიტეს, საიუბილეო ღონისძიება მოეწყოთ, ბატონი რეზოს დაბადების დღესთან დაკავშირებით.

დავალება ჩვენმა კლასმაც მიიღო და მეგობრებმა მოვილაპარაკეთ, "ჯარისკაცის მამის" სცენა გაგვეთამაშებინა, როცა გიორგი მახარაშვილი ვაზს ეფერება და რუსები მიადგებიან. დირექტორმა შეგვაგულიანა - აბა, თქვენ იცით, როგორ მასახელებთ, კარგი, სერიოზული თემა შეგირჩევიათ და ისე ამაღელვებლად უნდა ითამაშოთ, დარბაზში ხალხი ტიროდესო.

ფილმი ყველამ ზეპირად იცოდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, დიალოგები ოდნავ შეგველამაზებინა. რეპეტიციებზე სიარულით თავი არავის მოუკლავს და დადგა ზეიმის დღეც.

ჩხეიძის გარდა, დარბაზში ბევრი საპატიო სტუმარი იმყოფებოდა. სცენაზე ვაზის ბუტაფორია დადგეს, ფილმის მუსიკა ჩაირთო და მე, იგივე გიორგი მახარაშვილი შევდივარ.

- ვა, სიმონ, ყურძენი! - ვიყვირე გახარებულმა და ვაზს ვეცი.

დარბაზში სამარისებური სიჩუმეა.

- აზრზე ხარ, როგორ მომენატრე, - დავუწყე მოფერება, - აქანე ვინ მოგიყვანა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი.

ჩახველების ხმა გაისმა. გავხედე, სკოლის დირექტორია, ფერი აქვს წასული. სცენაზე ბუტაფორიული ტანკი შემოვარდა და "ვასიამ" ამოყო თავი:

- აბა, ახლა მოუსვი აქედან, ძამია, თვარა ჩემს თავზე "ატვეჩაი" არ ვარ!

დარბაზს სიცილმა გადაუარა:

- შენ თითონ მოუსვი, რო აპარპალებ მაგ თვალებს, შე ლოთო! - შევუღრინე. სიცილი ხარხარში გადაიზარდა! "ვასია" წინ ამეტუზა და წავჩურჩულე:

- ბიჭო, იცინის ეს ხალხი და დირექტორმა გვითხრა - უნდა იტირონო.

- არა უშავს, - დამაწყნარა, - რომ მთხლიშავ ყბაში, ისე გავიშხლართები და ვიკვნესებ - ბღავილი მორთონ.

გავუქანე და მეორე "რუსმა" ამოყო თავი:

- ვის ურტყავ, შე ბებერო!

დარბაზი დაწვა! ერთი თვე დირექტორს ვემალებოდით..."

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)