"მთავარია როგორ აზროვნებ მოედანზე" - კალათბურთელი გოგონას დიდი გეგმები - კვირის პალიტრა

"მთავარია როგორ აზროვნებ მოედანზე" - კალათბურთელი გოგონას დიდი გეგმები

20 წლის მარიამ მამუკელაშვილი უკვე 8 წელია ქალ კალათბურთელთა გუნდში თამაშობს. ჯერ კიდევ მეხუთე კლასში, სპორტის გაკვეთლიდან დაწყებული თამაში რაიონულ ქალ კალათბურთელთა გუნდში ვარჯიშით გაგრძელდა. შემდეგ იყო დინამოს ქალთა გუნდი, სადაც ის აქტიურად ვარჯიშობს. მისი სამომავლო გეგმა არც მეტი არც ნაკლები, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა, რის გამოც, როგორც მარიამი ამბობს, საკუთარ ძალებს არ იშურებს და აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს მიზნის მისაღწევად...

- არასოდეს მიფიქრია კალათბურთის ნაკრებში მოხვედრაზე და საერთოდაც ამ სპორტის სახეობაში ვარჯიშზე. მეხუთე კლასში სპორტის გაკვეთილზე მასწავლებელმა და შემდგომში ჩემმა მწვრთნელმა, კალათბურთი გვათამაშა, ვთამაშობდით ოღონდ არანაირი წესები არ ვიცოდით. ბავშვებს ავარჯიშებდა და ალბათ ჩემში დაინახა ის, რომ ვარჯიშის შემდეგ შემეძლო ამ სპორტში რაღაცას მიმეღწია და და ვარჯიშზე დამიბარა. მივედი და მას შედეგ დაიწყო ჩემი ამ სპორტით გატაცება. იმდენად მონდომებით ვვარჯიშობდით, იმავე წელს გავედით საქართველოს პირველობის ტურნირზე და პირველი ადგილი ავიღეთ.

- როგორ აღიქვამენ ქალ კალათბურთელს და რამდენად რთულია გოგოსთვის ვარჯიში და შემდეგ უკვე მოედანზე თამაში?

- ვერ ვიტყვი არ უკვირთ-მეთქი. უკვირთ, რადგან საქართველოში ეს სპორტი იმდენად განვითარებული არ არის, ნელ-ნელა იზრდება ქალ კალათბურთელთა რიცხვიც და იმედია მალე ბევრი ვიქნებით. რთული ნამდვილად არ არის. მთავარია, როგორ აზროვნებ მოედანზე, დანარჩენი ბევრი შრომით და მონდომებით მიიღწევა.

- შენს რომელ თამაშს გამოარჩევდი?

- განსაკუთრებით იმ თამაშს გავიხსენებდი, საუკეთსო მოთამაშედ რომ დამასახელეს. იმ თამაშში შვიდი 3-ანი ჩავაგდე და 38 ქულა ავიღე.

- ტრამვა თუ მიგიღია?

- ბევრჯერ, თუმცა პატარ-პატარა. ერთ-ერთი თამაშის დროს ტვინის შერყევა მივიღე, მაშინ ვარჯიში არ შეიძლებოდა და ერთი თვე არ ვყოფილვარ მოედანზე, თუმცა ამ პერიოდში საჭირო გახდა თამაშზე წასულიყო ჩემი გუნდი, მე ყოველგვარი მომზადების გარეშე წავედი, ერთი ქულით წავაგეთ, გული დამწყდა ამის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ესეც დიდი წარმატება იყო. 3 თვის წინ მუხლზე მივიღე ტრამვა და ვერ ვვარჯიშობდ, ახლა ვიყავი ვარჯიშზე ქობულეთში და ნელ-ნელა ვიწყებ მომზადებას. ვცდილობ, რაც შეიძლება მალე ჩავდგე ფორმაში.

- როგორ მოხვდი ახალ გუნდში?

- ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა, ბიძაშვილი გარდამეცვალა, რომელიც ძმასავით მყავდა და მაშინ საერთოდ აღარ მინდოდა თამაშის გაგრძელება, მაგრამ საკუთარ თავს ძალა დავატანე და მეგობრის რჩევით დინამოში მივედი. მწვრთნელს მოვეწონე და დამტოვეს. კალათბურთმა ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა, ყოველ წელს მიწევს მთელი საქართველოს შემოვლა და ბევრი მეგობარი შევიძინე. ახმეტის გუნდიდან რომ წამოვედი, 5 თვე არ მივარჯიშია და მივხვდი, კალათბურთის გარეშე არ შემეძლო.

- შენი საყვარელი კალათბურთელი ვინ არის?

- რა თქმა უნდა, ქართველ ზაზა ფაჩულიას დავასახელებ. ის საუკეთესო კალათბურთელია და ვამაყობ ამით. უცხოელებიდან ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მომწონს. ქალებიდან დიანა ტაურასის დავასახელებდი. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო ჩემს მწვრთნელზე ნინო ყიფშიძეზე, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი და მწვრთნელია, მისგან უამრავ რამეს ვსწავლობ და ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყოფილ მწვრთნელს, გოჩა ნონიაშვილს და თამაზ შათირიშვილს და ჩემს ახლანდელ მწვრთნელს შოთა იაქაშვილს, სწორედ მათი დახმარებით მოვედი აქამდე.

- სად სწავლობ?

- ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ახლა სპორტის უნივერსიტეტში გადავედი. სამწუხაროდ, გვიან გავიგე ამ სასწავლების შესახებ. ვსწავლობ მწვრთნელის პროფესიას, 4 წლის შედეგ უკვე ლიცენზირებული მწვრთნელი ვიქნები.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- მინდა ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე. ადრე აქ მოსახვედრად ასაკი ხელს არ მიწყობდა, ახლა კარგი ასაკი მაქვს და ვვარჯიშობ, რომ კარგად გავიარო ყველა ის ეტაპი, რაც საჭიროა ნაკრებში მოსახვედრად. თუ ყველაფერი ისე წავა როგორც მინდა, ვაპირებ საზღვარგარეთ წასვლას და ჩემი საქმიანობის იქ გაგრძელებას. ვინ იცის, იქნებ მწვრთნელის ამპლუაშიც კი...

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)