"რუსი რომ ჩამოიყვანო, იტყვიან: ვინ ჩამოიყვანე, ოკუპანტიო?" - კვირის პალიტრა

"რუსი რომ ჩამოიყვანო, იტყვიან: ვინ ჩამოიყვანე, ოკუპანტიო?"

"ერთხელ მწვანე საკონცერტო კოსტიუმები შევიკერეთ, "ბაბოჩკები" გავიკეთეთ და ხალხში გამოვედით დასაკრავად. უცებ, მეძახიან, - ოფიციანტო, ორი ყავა მოგვიტანეო. ჩათვალეს, რომ მიმტანი ვიყავი"

ჟურნალი "გზა" მომღერალ ნუგზარ კვაშალთან ინტერვიუს აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს.

კინოგამოცდილება

- ფილმის - "როცა აყვავდა ნუში" გადაღებებზე შემთხვევით მოვხვდი. მე და დათო აბულაძე ზღაპრულ ბიჭვინთაში, ხელოვნების მუშაკთა სახლში ვისვენებდით. "მალბორო" და ხიზილალა არ მოგვკლებია. საგზურები მოგვცა მეგობარმა, ტელეფილმების რეჟისორმა ზაალ კაკაბაძემ, რომელმაც ბევრი საინტერესო ფილმი გადაიღო: "ორერა, სრული სვლით", "ივერია, სიყვარული და...", "უმცროსი და", "მზიური" და სხვა. ბიჭვინთაში იღებდნენ ფილმს - "როცა აყვავდა ნუში" და ქალბატონმა ლანამ ერთ ეპიზოდში ჩვენც მიგვიწვია. ეს არის სიმღერისა და ცეკვის სცენა ზღვის ნაპირთან, სადაც ჩვენი მეგობრები: ზურა ყიფშიძე, გოგა ფიფია, თინიკო ვარდანაშვილი და სხვებიც მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, მთელ გადამღებ ჯგუფთან დავმეგობრდით. ფანტასტიკური ადამიანი იყო ლადო ალექსი-მესხიშვილი, ლანა ღოღობერიძე კი მოვლენაა, როგორც პიროვნება და ხელოვანი.

"ჩხიკვთა ქორწილის" ორი ვარიანტი, ქართულ-რუსული სიღნაღში გადავიღეთ. რუსეთის ტელევიზიის დაკვეთით, რუსულად გახმოვანებულ ფილმში რუსულად ვმღეროდით - ეს მათი მოთხოვნა იყო.

"არგონავტები" ჟენია გინზბურგის რეჟისორობით, ფოთში გადავიღეთ. საერთოდ, ყველა გადაღება თავისებურად ლამაზი და დასამახსოვრებელია... "არგონავტების" გადაღებებზე დავუმეგობრდით საშა აბდულოვს, ლეონიდ იარმოლნიკს, ლარისა დოლინას.

გინზბურგმა გადაიღო გია დანელიას სცენარის მიხედვით ფილმი "ანნა", სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ. გადასარევად ვგრძნობდი თავს პარტნიორი ქალბატონის, ოპერის მომღერალ პრიმადონა ლუბა კაზარნოვსკაიას გვერდით. მასში ასევე, შესანიშნავი მსახიობი იულია რუტბერგი მონაწილეობდა. ამ ფილმებს რუსეთის ტელევიზიები წელიწადში 17-ჯერ უჩვენებენ.

მერე იყო ფილმი "ვინ მოდის ზამთრის საღამოს". რეჟისორია თბილისელი ქალბატონი ნონა აგაჯანოვა. მთავარ როლებში ანდრეი მიაგკოვი და ვალია ტელიჩკინა იყვნენ. მიაგკოვი სულ მეხვეწებოდა, თბილისში წამიყვანე, არ მინახავსო. რუსი რომ ჩამოიყვანო, იტყვიან: ვინ ჩამოიყვანე, ოკუპანტიო? თურმე, ანდრეი მიაგკოვი ოკუპანტია... ქალბატონ ნონას მცდელობა ჰქონდა, სერიალი გადაეღო, მეც უნდა მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, პროექტი ვერ განხორციელდა. არადა, ფანტასტიკური სცენარი იყო მოსკოვში მცხოვრებ ხუთ ოჯახზე. კომედიური ჟანრის სერიალში ნაჩვენები იქნებოდა უკრაინელი, რუსი, ქართველი, სომეხი და აზებაიჯანელი ადამიანების მეგობრობა და სიყვარული. ეს სიუჟეტი ვიღაცას შეიძლება არც მოეწონა.

გასტროლებზე

- "ივერიას" არაერთ ქვეყანაში ჰქონდა გასტროლი. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენი იქ ყოფნის დროს, გამოჩენილი უცხოელი მუსიკოსის კონცერტი იმართებოდა, მაგრამ მათთან ვინ მიგვიშვებდა? ბილეთი იმდენი ღირდა, რასაც ჩვენ ერთ თვეში ვიღებდით. მახსოვს ვენესუელაში ვიყავით, კარაკასში ტომ ჯონსის კონცერტი იყო და ვამბობდი, იქნებ როგორმე შევძვრეთ-მეთქი. წარმოუდგენელი იყო იქ მოხვედრა. კოლუმბიაში კორიდაზე სანტანას კონცერტი ჰქონდა, მეორე დღეს კი იმავე კორიდაზე ჩვენ გვქონდა გამოსვლა.

ანსამბლის კონცერტზე უნიკალური მსახიობი და მომღერალი ლოლიტა ტორესი მობრძანდა. ულამაზესი ქალი იყო, სურათიც მაქვს მასთან გადაღებული. მოვიდა, გვაკოცა და გვითხრა: დედა, რა მომღერლები ყოფილხართო. ალბათ, ქართული სიმღერები მოსმენილი ჰქონდა.

ერთხელ მწვანე საკონცერტო კოსტიუმები შევიკერეთ, "ბაბოჩკები" გავიკეთეთ და ხალხში გამოვედით დასაკრავად. უცებ, მეძახიან, - ოფიციანტო, ორი ყავა მოგვიტანეო. ჩათვალეს, რომ მიმტანი ვიყავი (იცინის). (იხილეთ სრულად)

ნანული ზოტიკიშვილი