"მათ შორის, ვისაც ორმაგი მოქალაქის სტატუსი მიენიჭა არის საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერი" - ანდრიაძე პრეზიდენტის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"მათ შორის, ვისაც ორმაგი მოქალაქის სტატუსი მიენიჭა არის საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერი" - ანდრიაძე პრეზიდენტის წინააღმდეგ

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართავს.

მიმართვაში ანდრიაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს "საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის" საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს და პარლამენტს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას სთხოვს.

"სამწუხაროდ, იძულებული გავხდი მომემართა თქვენთვის, ვინაიდან ამოვწურე ყველა კანონიერი მცდელობა ინფორმაცია მიმეღო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულების შესახებ.

საქმე ეხება 2016 ან 2017 წლებში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

გთხოვთ, გამოითხოვოთ იმ პიროვნებების მონაცემები, ვისაც ამ პერიოდში ორმაგი მოქალაქის სტატუსი მიენიჭა. ვინაიდან ჩემი ინფორმაციით, მათ შორის არის საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერი, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას. სწორედ ასეთ პიროვნებას მიანიჭა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა.

გთხოვთ, გაასაჯაროვოთ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომელთაც 2016-2017 წლებში მარგველაშვილისგან მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. ყოველივე ამას გთხოვთ თქვენ იმიტომ, რომ სწორედ "ქართული ოცნების" მიერ იქნა შეთავაზებული მოქალაქე მარგველაშვილის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და ქართველმა ერმა მხოლოდ და მხოლოდ თქვენდამი ნდობის გამო მისცა მას ხმა. სამწუხაროდ, რეალობაა ის, რომ ქართველი ერი ხმას მისცემდა ყველას, ვისაც თქვენ დაასახელებდით, მათ შორის პინგვინსაც კი. ამიტომ პოლიტიკური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა სწორედ საპარლამენტო უმრავლესობაზეა ე.წ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მათ შორის საქართველოს პატრიოტი ლაზებისათვის მოქალაქეობაზე უარის თქმაზე და საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისათვის - საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

როგორც საქართველოს მოქალაქე მოვითხოვ თქვენგან გაასაჯაროვეთ თქვენს მიერ დასმული ე.წ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებები საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ", - ნათქვამია ღია წერილში.

ანდრიაძის განმარტებით, ორმაგ მოქალაქეობას წარმოშობით 17 ლაზი ითხოვდა, მათ შორის იყვნენ შემდეგი პირები: იალჩინ სონბაი, ბურჩინ გურკანი, ალი ექსილმეზი, ალი ჩაღალი, ალი ინჯე, ნილგუნ ჩაღალი, თოლგა ჩაკირი და რეჯებ დემირჩი.

"ინტერპრესნიუსი"